საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დუისელ უხუცესებს და სოფელ მატანის მოსახლეობას შეხვდა.
ხეობაში ახმეტის მაჟორიტარი დეპუტატი ზურაბ ზვიადაურიც იმყოფებოდა.
არსებული ინფორმაციით, საუბარი ადგილობრივ ქისტებს და ქართველ ახალგაზრდებს შორის 2 დღის წინ მომხდარ ინციდენტს შეეხო.
ადგილობრივი მოსახლეობის განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტრო ყველაფერს აკეთებს, რომ დაპირისპირებულ ახალგაზრდებს შორის დაძაბული სიტუაცია განიმუხტოს.
შეგახსენებთ, რომ 17 აგვისტოს, გვიან ღამით პანკისის ხეობაში ინციდენტი მოხდა. ერთმანეთს ქისტები და ქართველები დაუპირისპირდნენ.
თვითმხილველების ინფორმაციით, დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა ახლგაზრდებმა ხადუნის ხეობიდან დაბრუნებისას მატანელ ახალგაზრდებთან იჩხუბეს. ჩხუბი სიტყვიერი შელაპარაკებით დაიწო და სოფელ მატანთანაც გაგრძელდა.
მოგვიანებით, ხელკეტებით შეიარაღებულმა მატანის მოსახლეობამ პანკისის ხეობისაკენ მიმავალი გზა გადაკეტა და პანკისელებს სახლში დაბრუნების საშუალებას არ აძლევდნენ.
სიტუაცია იმდენად მძიმე იყო, რომ ადგილზე შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დამატებითი ძალების გამოძახება გახდა საჭირო.
დაპირისპირების დარეგულირებას ახმეტის მაჟორიტარი დეპუტატი ზურაბ ზვიადაურიც ცდილობდა.
ცნობილი გახდა, რომ ინციდენტის დროს 4 ადამიანი დაშავდა, რომლებიც სხვადასხვა დაზიანებებით ახმეტის საავადმყოფოში გადაიყვანეს.