ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის უმეტეს რაიონებში გზები და ხიდები დაზიანებულია.
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებლის ზაზა ურუშაძის განცხადებით, ამ დროისთვის სტიქიის ზონებში სპეციალური სამაშველო ბრიგადები მუშაობენ და დატბორილი საცხოვრებელი სახლებიდან წყლის ამოტუმბვითი სამუშაოები მიმდინარეობს.
"რამდენიმე სოფელში გზები მნიშვნელოვნად დაზიანდა. ერთ-ერთ სოფელში წყალმა ორი ხიდი წაიღო. დაზიანებულია საყანე ფართობები. სოფელ მამათში მეწყერიც ჩამოწვა. გზა გავწმინდეთ, თუმცა ყოველი შემთხვევისთვის ჯებირია გამოსაყვანი, რომ კიდევ არ განმეორდეს. სოფელ ასანაშიც იგივე სიტუაციაა, იქაც მეწყერი ჩამოწვა და სასწრაფოდ გადასაწყვეტია სიტუაცია, რადგან მოსახლეობაა ქვემოთ და საშიში მდგომარეობაა. ასევე გვიმბალაურში, ღრმაღელეში, ერთი სიტყვით, ყველა სოფელში მნიშვნელოვანი დაზიანებებია,"- განაცხადა ზაზა ურუშაძემ.
მისივე თქმით, ამ დროისთვის ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში აღარ წვიმს, თუმცა დღის მეორე ნახევრიდან ნალექი ისევ მოსალოდნელია.
ძლიერი წვიმის შედეგად ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მოსახლეობისთვის მიყენებული ზარალის ზუსტი ოდენობა ჯერ-ჯერობით უცნობია.