საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ნარმანია დაბა ურეკში არსებულ მდგომარეობას ადგილზე გაეცნობა.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს პრეს-სამსახურის უფროსმა მაგდა პოპიაშვილმა განაცხადა, გუშინ მოსული ძლიერი წვიმის შედეგად მოსახლეობისთვის მიყენებული ზარალის დამთვლელ კომისიას ადგილობრივი ხელისუფლება დააკომპლექტებს, მომხდარი სტიქია კი, იმდენად მასშტაბური არ არის, რომ მისი შედეგების აღმოსაფხვრელად სპეციალური სამთავრობო კომისია შეიქმნას.
"რეგიონული განვითარების მინისტრი უკვე გზაშია და იგი პირადად გაეცნობა დაბა ურეკში არსებულ მდგომარეობას. ჯერ-ჯერობით ზარალის ოდენობა უცნობია. ადგილობრივი ხელისუფლება ზარალის დამთვლელი კომისიის შექმნას უზრუნველყოფს, რის შემდეგაც ზარალის ოდენობის შესახებ ზუსტი სურათი გვექნება. წყალდიდობას ურეკის მიმდებარე ცენტრალური მაგისტრალი არ დაუზიანებია და სატრანსპორტო მოძრაობა შეუფერხებლად ხორციელდება. ვითარებას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები აკონტროლებდნენ და დამატებითი ჩარევა საჭირო არ გამხდარა"- განაცხადა მაგდა პოპიაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ გუშინ მოსული ძლიერი წვიმის შედეგად, დაბა ურეკის ძირითადი ნაწილი დაიტბორა.
განსაკუთრებით რთული ვითარებაა დუმბაძის ქუჩაზე. კურორტის ცენტრალურ ნაწილში მდებარე საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები და სარდაფები სრულადაა დატბორილი.
სიტქიის შედეგად დაზიანებულია მოსახლეობის კუთვნილი საყოფაცხოვრებო ტექნიკა, დახოცილია შინაური ფრინველი. რამდენიმე ადგილზე მეწყერიც ჩამოწვა.
ადგილზე ამ დრომდე სამაშველო სამსახურების ბრიგადები მუშაობენ. ოზურგეთის რაიონის გამგებლის განცხადებით, დატბორილი სახლებიდან წყლის ამოტუმბვის სამუშაოების განხორციელება წვიმის შეწყვეტამდე ვერ მოხერხდა.
ვითარება წყლის არხებთან ახლოს მდებარე არასწორმა მშენებლობებმა გაართულა, რომლებიც გაუწმენდავი არხებიდან წყლის სწრაფად გადინების შესაძლებლობას აფერხებდა.