რიკოთის უღელტეხილზე სატრანსპორტო მოძრაობა სრულად აღდგენილია.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა მაგდა პოპიაშვილმა განაცხადა, გუშინ გვიან ღამით დასავლეთის და აღმოსავლეთის დამაკავშირებელ ცენტრალურ მაგისტრალზე ჯერ მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა, მოგვიანებით კი, გზა ყველა სახის სატრანსპორტო საშუალებისთვის გაიხსნა.
მისივე თქმით, აღნიშნულ საგზაო მონაკვეთზე რამდენიმე საათიანი საცობის გამომწვევი მიზეზი დაბა ურეკში მომხდარი სტიქიის შედეგად დამსვენებლების მიერ საკურორტო ზონის მასიურად დატოვება გახდა.
"ურეკში მომხდარი წყალდიდობის შედეგად, დამსვენებლების დიდმა ნაწილმა დედაქალაქში დაბრუნება დაიწყო. რიკოთის უღელტეხილთან ერთ-ერთ მონაკვეთზე მცირე გვირაბების მშენებლობის გამო მოძრაობა შეზღუდული იყო, რამდენიმე მძღოლი შეზღუდვებს არ დაემორჩილა და რამდენიმესაათიანი საცობი წარმოიქმნა, თუმცა მიუხედავად მგზავრთა უპრეცენდენტო რაოდენობისა, საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა აღნიშნული დაბრკოლება შეძლებისდაგვარად მოკლე დროში აღმოფხვრეს,"- განაცხადა მაგდა პოპიაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ გუშინ საღამოს დაახლოებით 5 საათის განმავლობაში რიკოთის უღელტეხილთან რამდენიმე კილომეტრიანი საცობი იყო წარმოქმნილი.