აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ნუგზარ სურმანიძე და მინისტრის პირველი მოადგილე რომან ბოლქვაძე დღეს ბათუმში საბაგირო გზის გახსნას დაესწრნენ. საბაგირო გზა აჭარის ა.რ მთავრობის თავმჯდომარემ არჩილ ხაბაძემ კომპანია „ჰესტოკ-ბათუმის" ხელმძღვანელთან ერთად გახსნა. საზეიმო გახსნის ცერემონიალს აჭარის ა.რ. მთავრობის თავმჯდომარესთან ერთად აჭარის მინისტრთა კაბინეტის სხვა წევრები, ქალაქ ბათუმის მერიის, საკრებულოს, შსს აჭარის რეგიონალური სამმართველოს, აჭარის უმაღლესი საბჭოსა და საკონსულოების წარმომადგენლები დაესწრნენ.
საბაგირო გზას ბათუმიდან მგზავრი გასართობ ცენტრ „არგომდე" მიჰყავს, რომლის მშენებლობაც 2010 წლის 13 ივნისს დაიწყო, ხოლო საბაგირო ზოლის - 2012 წლის 10 აპრილს. სამშენებლო სამუშაოებს ავსტრიული კომპანია „დობერმაიერი" ასრულებდა, რომელიც მთლიანად კურირებდა საბაგირო დანადგარების შესყიდვასა და დამონტაჟებას. ბათუმის საბაგირო გზა კომპანია „ჰესტოკ-ბათუმის" საკუთრებაა, რომელმაც ამ პროექტით 23 მილიონი ლარის ინვესტიცია განახორციელა.
2600 მეტრის სიგრძის საბაგირო გზაზე ამ დროისათვის 8 გონდოლა მოძრაობს, თუმცა გათვლილია 22 გონდოლაზე. ის ზღვის დონიდან 260 მეტრის სიმაღლიდან დაეშვება და საათში 500 ადამიანს მოემსახურება. ფერიის მთიდან დაშვება მსურველთათვის უფასოა, ხოლო ბათუმიდან მგზავრობის ფასი 3 ლარს შეადგენს.