ივანაძეების 11 სულიან ოჯახს ორი ახალი წევრი, ტყუპები ხვიჩა და ხატია 3 თვის წინ შეემატა. მათ გარდა მშობლებს 7 შვილი ჰყავთ. ოჯახი სოციალურად დაუცველთა ბაზაშია რეგისტრირებული. დემოგრაფიული ცვლილების გამო ხელახალა განხორციელდა ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შესწავლა, მათ შემწეობა მიმდინარე თვეში აღუდგებათ და სამი თვის დანაკლისსაც მიიღებენ.
მრავალშვილიანი ოჯახი აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ ლევან გორგილაძემ მოინახულა და მათ ტკბილეული და კვების პროდუქტები მიუტანა. მინისტრის მოადგილესთან ერთად ივანაძეებთან წითელი ჯვრის ბათუმის ორანიზაციის ხელმძღვანელი ოთარ დავითაძე იმყოფებოდა. ახალშობილები ხელოვნურ კვებაზე იმყოფებიან, ისინი საკვებით არასამთავრობო ორგანიზაციამ „ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისათვის" მოამარაგა.
სოციალურად დაუცველი ოჯახი ქობულეთის რაიონის სოფელ ზედა კვირიკეში ერთ-ერთი ადგილობრივის სახლში 3 წელია ცხოვრობს. 2005 წელს ივანაძეები სახელმწიფომ სტიქიის შედეგად მიყენებული ზიანის გამო შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯაბნიძეებიდან ახმეტის რაიონის სოფელ ქორეთში ჩაასახლა და მათ ადგილზე სახლიც შეუძინა. ეკომიგრანტებმა ახმეტა სხვადასხვა მიზეზების გამო დატოვეს და აჭარაში დაბრუნდნენ.