აზერბაიჯანის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მოქმედი პრეზიდენტის ილჰამ ალიევის კანდიდატურა აზერბაიჯანის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად დაარეგისტრირა. საპრეზიდენტო არჩევნები აზერბაიჯანში მიმდინარე წლის 9 ოქტომბერს უნდა გაიმართოს.
ილჰამ ალიევის კანდიდატურა აზერბაიჯანის მმართველმა პარტიამ „ენი აზერბაიჯანმა" წარადგინა, რომელსაც მოქმედი პრეზიდენტი თავმჯდომარეობს.
51 წლის ილჰამ ალიევი საპრეზიდენტო არჩევნებში მესამედ მონაწილეობს. ის პრეზიდენტად მანამდე 2003 და 2008 წლებში იქნა არჩეული. 2003 წელს მას ამომრჩევეთა ხმების 76,84 % ერგო, 2008 წელს კი 88,73 %.
გარდა მოქმედი პრეზიდენტისა აზერბაიჯანის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად განაცხადი ცესკოში ასევე შეტანილი აქვთ: ფუად ალიევს - აზერბაიჯანის ლიბერალური პარტიის თავმჯდომარეს, ალი ალიევს - მოქალაქეებისა და განვითარების პარტიის თავმჯდომარეს, აჰმედ ოკუჯს - პარტია „აზადგირ"-ის (თავისუფლება) თავმჯდომარეს, იგბალ აგაზადეს - პარტია „უმიდ"-ის (იმედი) თავმჯდომარეს და იურისტს ილგარ მამედოვს.
ფუად ალიევი და იგბალ აგაზადე 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ერთხელ უკვე მონაწილეობდნენ. მაშინ ალიევმა ამომრჩეველთა ხმების 0,78 %, აგაზადემ კი 2, 86 % დააგროვა.