აჭარის ჯანდაცვის მინისრტმა ნუგზარ სურმანიძემ, მთავრობის სხვა წევრებთან ერთად, ქობულეთში მშენებარე #1 სკოლის შენობა დაათვალიერა. თანამედროვე არქიტექტურული სტილის, ტეხილის ფორმის ნაგებობის ერთი ნაწილი 3, ხოლო მეორე 4-სართულიანი იქნება. 1600კვ/მ ფართი 700 მოსწავლეზეა გათვალისწინებული. შენობის პირველ სართულზე დაწყებითი კლასები განთავსდება, რომლის მოსწავლეებისთვისაც შესაბამისი სარეკრეაციო ზონა მოეწყობა დამოუკიდებელი შესასვლელით. ამავე სართულზე განთავსდება კვების ბლოკიც.
საბაზო საფეხურის საკლასო ოთახები მეორე და მესამე სართულებზე გადანაწილდება, ხოლო მეოთხე სართული მთლიანად დამამთავრებელ ჯგუფებს დაეთმობა. ამავე სართულზე მოეწყობა კაბინეტები, ლაბორატორიები, კომპიუტერული ცენტრი და საპროექციო.
პროექტის თანახმად ეზოში შენდება სპორტული დარბაზი, რომელიც სკოლის პირველ სართულთან იქნება დაკავშირებული. იქვე ეზოში მოეწყობა საჩოგბურთო კორტი ხელოვნური საფარით. სკოლა აღჭურვილი იქნება უსადენო ინტერნეტით, სახანძრო სიგნალიზაციით, ვიდეო თვალთვალის კამერებით. მოეწყობა აგრეთვე თანამედროვე დონის ბიბლიოთეკა და სამკითხველო დარბაზი.
ამ ეტაპზე მიმდინარეობს სამღებრო სამუშაოები. შენობის სრული რეაბილიტაცია, პროექტის თანახმად, დასრულდება ახალი სასწავლი წლის დაწყებამდე. სკოლის მშენებლობისთვის რესპუბლიკის ბიუჯეტიდან გასულ წელს 1 444 771 ლარიგამოიყო, ხოლო წელს 1 041 529 ლარი იქნება გათვალისწინებული.
მშენებლობას შპს „NEW-CONTRACSHEN". პროექტის ხელშეკრულების საერთო ღირებულება - 2 486 299,43 ლარია