ხონის რაიონში ძლიერმა წვიმამ 500-მდე ოჯახი დააზარალა. უხვმა ნალექმა საცხოვრებელი სახლები დააზიანა - მთლიანად დაიტბორა პირველი სართულები და სარდაფები.
ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმაციით, დახოცილია შინაური ფრინველი, განადგურებულია სასოფლო-სამეურნეო ნარგავები და სარდაფებში დაცული საკვების მარაგი.
"ღამის 03:00 - 04:00 საათის შემდეგ წყლით გაივსო ყველაფერი. სახლების სარდაფები და პირველი სართულები მთლიანად განადგურებულია. წიწიწლბი, კურდღელი და ყველაფერი დაიხრჩო,"- განაცხადა ადგილობრივმა მცხოვრებმა ჯემალ ფანცულაიამ.
აღნიშნულთან დაკავშირებით, ხონის რაიონის გამგეობაში უკვე შექმნილია ზარალის დამთვლელი სპეციალური კომისია, რომელიც მუშაობას უახლოეს დღეებში დაასრულებს.
ადგილობრივი გამგეობის წარმომადგენელთა ინფორმაციით, ზარალის ზუსტი ოდენობის დადგენისთანავე მოსახლეობა შესაბამის კომპენსაციას მიიღებს.