აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ და აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიამ დიდი ბრიტანეთის სამეფო სამედიცინო კოლეჯის პროფესორს, ჩალფონტის ეპილეფსიის ცენტრის დირექტორს და ნიდერლანდების ეპილეფსიის ინსტიტუტის სამედიცინო დირექტორს ლეი სანდერს და ნორვეგიისა და ნეიროფსიქოლოგიის ინსტიტუტის სამედიცინო დირექტორს სოფიო კასრაძეს უმასპინძლეს. შეხვედრა საკანონმდებლო ორგანოში გაიმართა, მას ოფიციალურ პირებთან ერთად აჭარის სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულების ექიმები ესწრებოდნენ.
ნევროლოგი, ეპილეფტოლოგი და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტი ლეი სანდერი საქართველოსთან 2004 წლიდან თანამშრომლობს. მისი მიზანს საქართველოში ჯანმო-ს პროექტის განხორციელება, ეპილეფტოლოგიური სამსახურების გაძლიერება და რეგიონული ცენტრების შექმნა წარმოადგენს. სანდერის განმარტებით, ინიციატივა ხელს შეუწყობს დაავადების დროულ დიაგნოსტიკის, მართვას და განკურნებას. მისი აზრით ეპილეფტოლოგიის პირველი რეგიონული ცენტრი აჭარაში უნდა შეიქმნას. იგი ქართულ მხარს ამ დარგის სპეციალისტების უცხოეთში გადამზადებასაც სთავაზობს.
შეხვედრაზე აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ნუგზარ სურმანიძემ მზადყოფნა გამოთქვა თანამშრომლობისათვის და აღნიშნა, რომ ეპილეფტოლოგიის რეგიონული ცენტრის შექმნის შემთხვევაში აჭარის სამედიცინო სფეროს შესაბამისი რესურსი გააჩნია და იგი შეიძლება შეიქნმას დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის დაცვის რეგიონული ცენტრის ბაზაზე.
ლეი სანდერის საქართველოში მომდევნო ვიზიტისას გაფორმდება მემორანდუმი, რომელიც სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავებასა და კონკრეტული პროექტების რეალიზების ხელშეწყობაზე იქნება ორიენტირებული.