დღეს, 1 აგვისტოს საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური და მინისტრის მოადგილე გიორგი ჯავახიშვილი ახალი სასტუმროს „Park Inn" პროექტის პრეზენტაციას დაესწრნენ.
პრეზენტაციის ფარგლებში, რომელიც სასტუმროში „რადისონ ბლუ ივერია" გაიმართა, ხელი მოეწერა შპს „სილქ როუდ ბიზნეს ცენტრსა" და „ვითიბი ბანკს" შორის შეთანხმებას ახალი სასტუმროსათვის კრედიტის გამოყოფის შესახებ.
„ნებისმიერი მიმართულებით ინვესტიციები ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მოხარული ვარ, რომ ახალი სასტუმრო, ახალი ცენტრი იხსნება, რადგან ეს დამატებითი სამუშო ადგილების შექმნის გარანტიაა. თავისთავად ის ფაქტი, რომ დღეს ასეთი ინვესტიცია ხორციელდება, ადასტურებს იმას, რომ საქართველოში ბიზნესის წარმოებისთვის საკმაოდ კარგი პირობებია", - განაცხადა საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა.
სასტუმრო „Park Inn"-ის, რომელიც თბილისში, რუსთაველის 31-ში მდებარე ყოფილი ფოსტა-ტელეგრაფის შენობაში განთავსდება, პირველადი სამშენებლო სამუშაობის დაწყება 2013 წლის სექტემბერში იგეგმება და წინასწარი გეგმებით სასტუმრო პირველ სტუმრებს 2015 წლის მესამე კვარტლიდან მიიღებს.
სასტუმროს პროექტში დაახლოებით 500-მდე ადამიანი იქნება დასაქმებული.