აჭარის მთავრობის თავმჯდომარე უკრაინელ ბიზნესმენებს შეხვდა. ბიზნესმენებს მთავრობის წარმომადგენლებმა აჭარის საინვესტიციო გარემო გააცნეს. შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო ადგილობრივ ტურისტულ პროდუქტებს.
უკრაინელი ბიზნესმენების დელეგაცია 50 წევრისგან შედგება. დელეგაციაში წარმოდგენილნი არიან ბიზნესის განვითარების ევროპული ასოციაციის და უკრაინელი ქალების კლუბის წარმატებული წევრები. ისინი ეკონომიკური და საზოგადოებრივი საქმიანობით არიან დაკავაბულნი. დელეგაციის წევრებმა უკვე გამართეს შეხვედრები თბილისში სამთავრობო უწყებებთან და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან. საუბარი ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობასა და სამომავლო ურთიერთობებს შეეხო.
აღნიშნული ვიზიტი ოდესაში საქართველოს საკონსულოს ორგანიზებით ხორციელდება. მთავრობის თავმჯდომარეს უკრაინულ ტრადიციულ სამოსში გამოწყობილმა ბავშვებმა კარავაი მიართვეს.
„საქართველომ უკრაინასთან ჩამოაყალიბა განსაკუთრებული თანამშრომლობა. ბოლო წლებში უკრაინა საქართველოსათვის ერთ-ერთ უმხვილესი სავაჭრო პარტნიორია. ამ პროცესებში აჭარაც აქტიურად არის ჩართული, როგორც საზღვრისპირა და მნიშვნელოვანი სატრანზიტო რეგიონი, შესაბამისი სატრანსპორტო ინფრასტრუქტურით და სახელმწიფო ინსტიტუციებით. ზოგადად უკრაინული ბიზნესი აქტიურია აჭარაში. უკრაინული კაპიტალის მონაწილეობით მოქმედებენ მთელი რიგი საწარმოები, მათ შორის სოფლის მეურნეობის, სამშენებლო და ტურისტულ სფეროებში. თანამშრომლობის პოტენციალი საკმაოდ დიდია და ჯერ-ჯერობით სრულყოფილად არ არის ათვისებული. მე იმედი მაქვს, რომ დღევანდელი შეხვედრა იქნება წინაპირობა ბიზნესის სფეროში უფრო აქტიური თანამშრომლობისა, რაც საბოლოო ჯამში ხელს შეუწყობს დამეგობრებული რეგიონების - აჭარის და ოდესის ოლქის უფრო დაახლოებას და ურთიერთობების გაძლიერებას." - აღნიშნა არჩილ ხაბაძემ.