ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის მე-3 და მე-4 ვარანტების პასუხები იგვიანებს. როგორც "ჯი-ეიჩ-ენისთვის" გახდა ცნობილი, გამოცდების ეროვნული ცენტრი შედეგების გამოქვეყნებას აყოვნებს, რადგან ტესტებში დაშვებული შეცდომების გამო, შეფასებები დაბალია.
ერთ-ერთი მიზეზი ისაა, რომ რევაზ ინანიშვილის "ლარას" ნაწყვეტის მიხედვით, აბიტურიენტებს გაუჭირდათ სტალინური რეპრესიების მსხვერპლის ამოცნობა და მთავარი პერსონაჟის საქციელი პატრიოტიზმით ახსნეს.
რაც შეეხება ქართული ენის ტესტს... პასუხებს თუ გავეცნობით და შეცდომებს კარგად დავითვლით, მე-4 ვარიანტში 18 შეცდომა არ მოიძებნება. გთავაზობთ, ცენტრის ვებგვერდზე გამოქვეყნებული პასუხების მიხედვით გასწორებულ შეცდომებს:
1. კლასიკურ გიმნაზიის - კლასიკური გიმნაზიის
2. მასწავლებელად - მასწავლებლად
3. არა-ერთ - არაერთ
4. ექსპედიციებში - ექსპედიციაში
5. საზოგადოება - საზოგადოება,
6. რასაც - რომელსაც
7. მიზნათ - მიზნად
8. მთავრობა იყო - მთავრობა იყო,
9. მიუხედავად პრობლემებისა - მიუხედავად პრობლემებისა,
10. ყველაფერი გააკეთა - ყველაფერი გააკეთა,
11. რადგან - რათა
12. შეესრულებია - შეესრულებინა
13. ძალზე უმნიშვნელოვანესი - უმნიშვნელოვანესი
14. მოხდა მისი არჩევა - იგი აირჩიეს
15. ომის დასრულების შემდეგ - ომის დასრულების შემდეგ,
16. სამშობლოში ჩამოიტანა - სამშობლოში ჩამოიტანა,
17. შეჰრაცხა - შერაცხა
გარდა ამისა, ტექსტში არის ორი შეცდომა. თუ ქართული ენის კომისია მათ აღიარებს, შეცდომების რაოდენობა 19-მდე გაიზრდება. ესეც იმ შემთხვევაში, თუ ორ მძიმეს (რომლებითაც სიტყვა "ფაქტობრივად" უნდა იყოს გამოყოფილი), ერთ შეცდომად მივიჩნევთ და არა ორად. აი, ეს შეცდომებიც:
1. რთულ წინადადებაში აკლია მძიმე: ეს საზოგადოება მიზნად ისახავდა გაჩანაგებისაგან ეხსნა ჩვენი კულტურული მემკვიდრეობა.
2. ფაქტობრივად არის ჩართული და ორივე მხრიდან მძიმეებით გამოიყოფა.
"ჯი-ეიჩ-ენმა" პაუხების გამოქვეყნებისთანავე გაამახვილა ყურადღება ამ ფაქტზე, თუმცა გამოცდების ეროვნული ცენტრიდან "ჯი-ეიჩ-ენს" დაუსაბუთებლად უპასუხეს: „ფაქტობრივად" ამ კონტექსტში ჩართული არ არის და მძიმეებით არ გამოიყოფა, ხოლო წინადადებაში - „ეს საზოგადოება მიზნად ისახავდა გაჩანაგებისგან ეხსნა ჩვენი კულტურული მემკვიდრეობა" - მძიმის დასმა საჭირო არ არის".
არადა, ყველა მეშვიდეკლასელმა იცის, რომ "ფაქტობრივად" არის ჩართული. იგი არ ქმნის სინტაქსურ წყვილს (შეთანხმება, მართვა, მირთვა) და არ არის წინადადების წევრი. ამიტომ აქეთ-იქიდან მძიმეებით უნდა გამოიყოს.
„ეს საზოგადოება მიზნად ისახავდა გაჩანაგებისგან ეხსნა ჩვენი კულტურული მემკვიდრეობა" - ეს არის ტიპობრივი რთული ქვეწყობილი წინადადება, რომელიც მოითხოვს მძიმეს მთავარსა და დამოკიდებულ წინადადებებს შორის. პირველ წინადადებაში შემასმენელია "ისახავდა", მეორეში - "ეხსნა". გვაქვს პირდაპირი დამატებით დამოკიდებული რთული ქვეწყობილი წინადადება. რომ გადავაკეთოთ მარტივ წინადადებად, იქნება ასე: ეს საზოგადოება მიზნად ისახავდა ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის ხსნას გაჩანაგებისგან. ამ შემთხვევაში, მძიმე არ იქნებოდა საჭირო, მაგრამ მოცემულ წინადადებაში აუცილებელია.
საინტერესოა, რომელ შეცდომას ,,შეელევა" კომისია, მათი რაოდენობა 18-ს რომ გაუთანაბრდეს...
გარდა ამისა, გამოცდების ეროვნული ცენტრიდან გვწერდნენ: "ის, რაც სპეციალისტთა დავას იწვევს, აბიტურიენტის სასარგებლოდ წყდება. დამშვიდდით, მეგობრებო, დაელოდეთ შედეგებს და, თუ რომელიმე აბიტურიენტის შეფასება არაობიექტურად მოგეჩვენებათ, დაწერეთ სააპელაციო განაცხადი. გარწმუნებთ, საქართველოს საუკეთესო ფილოლოგები წაიკითხავენ აბიტურიენტთა სადავო ნაშრომებს და შეფასების ყველა ხარვეზს გაასწორებენ".
ჯერ ერთი, ის, რაც სპეციალისტთა დავას იწვევს, არ უნდა მოხვდეს საგამოცდო ტესტში, რომელშიც ასე მკაცრადაა განსაზღვრული შეცდომების რაოდენობა, მეორეც, სააპელაციო განაცხადის შევსება ფასიანია (თუ არა ვცდებით, 50 ლარი ღირს). რატომ უნდა იხადოს აბიტურიენტმა ფული და ელოდოს, როდის წაიკითხავენ სადავო ნაშრომებს ,,საქართველოს საუკეთესო ფილოლოგები", როცა საკითხი უფრო მარტივად შეიძლებოდა მოგვარებულიყო - ტექსტები (და პასუხებიც) პროფესიონალურად და უშეცდომოდ ყოფილიყო დაწერილი.
გთავაზობთ მე-4 ვარიანტის გასასწორებელ და ცენტრის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ გასწორებულ ვარიანტებს:
გასასწორებელი:
ექვთიმე თაყაიშვილი დაიბადა 1863 წელს სოფელ ლიხაურში. ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიის დასრულების შემდეგ მან სწავლა განაგრძო პეტერბურგის უნივერსიტეტში. 1887 წელს იგი სამშობლოში დაბრუნდა და თბილისის გიმნაზიაში მასწავლებელად დაიწყო მუშაობა. თაყაიშვილი აქტიურად მონაწილეობდა არა-ერთ არქეოლოგიურ ექსპედიციებში. მან დააარსა საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოება რასაც თოთხმეტი წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა. ეს საზოგადოება მიზნათ ისახავდა გაჩანაგებიდან ეხსნა ჩვენი კულტურული მემკვიდრეობა. ექვთიმე თაყაიშვილი გახლდათ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების თავმჯდომარის მოადგილე. იგი იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთ-ერთი დამაარსებელთაგანი.
1921 წელს საქართველოს მთავრობა იძულებული გახდა, რომ ემიგრაციაში წასულიყო და თან წაეღო სამუზეუმო ძვირფასეულობა. ოფიციალურად განძის მესაკუთრე მთავრობა იყო თუმცა ეროვნულ საგანძურს ფაქტობრივად ექვთიმე თაყაიშვილი მეურვეობდა. მიუხედავად პრობლემებისა ექვთიმემ ყველაფერი გააკეთა რადგან ღირსეულად შეესრულებია ეს ძალზე უმნიშვნელოვანესი მისია. საფრანგეთში იგი განაგრძობდა ნაყოფიერ სამეცნიერო მოღვაწეობას. 1925 წელს მოხდა მისი არჩევა აზიის შემსწავლელი სამეცნიერო საზოგადოების ნამდვილ წევრად. მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ როდესაც შესაძლებელი გახდა ჩვენი საგანძურის სამშობლოში ჩამოტანა ექვთიმე თაყაიშვილი თბილისში დაბრუნდა. მეცნიერი გარდაიცვალა 1953 წელს. საქართველოს ეკლესიამ 2002 წელს იგი წმინდანად შეჰრაცხა.
გასწორებული:
ექვთიმე თაყაიშვილი დაიბადა 1863 წელს სოფელ ლიხაურში. ქუთაისის კლასიკური გიმნაზიის დასრულების შემდეგ მან სწავლა განაგრძო პეტერბურგის უნივერსიტეტში. 1887 წელს იგი სამშობლოში დაბრუნდა და თბილისის გიმნაზიაში მასწავლებლად დაიწყო მუშაობა. თაყაიშვილი აქტიურად მონაწილეობდა არაერთ არქეოლოგიურ ექსპედიციაში. მან დააარსა საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოება, რომელსაც თოთხმეტი წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა. ეს საზოგადოება მიზნად ისახავდა გაჩანაგებისაგან ეხსნა ჩვენი კულტურული მემკვიდრეობა. ექვთიმე თაყაიშვილი გახლდათ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების თავმჯდომარის მოადგილე. იგი იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთ-ერთი დამაარსებელთაგანი.
1921 წელს საქართველოს მთავრობა იძულებული გახდა, რომ ემიგრაციაში წასულიყო და თან წაეღო სამუზეუმო ძვირფასეულობა. ოფიციალურად განძის მესაკუთრე მთავრობა იყო, თუმცა ეროვნულ საგანძურს ფაქტობრივად ექვთიმე თაყაიშვილი მეურვეობდა. მიუხედავად პრობლემებისა, ექვთიმემ ყველაფერი გააკეთა, რათა ღირსეულად შეესრულებინა ეს უმნიშვნელოვანესი მისია. საფრანგეთში იგი განაგრძობდა ნაყოფიერ სამეცნიერო მოღვაწეობას. 1925 წელს იგი აზიის შემსწავლელი სამეცნიერო საზოგადოების ნამდვილ წევრად აირჩიეს. მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ, როდესაც შესაძლებელი გახდა ჩვენი საგანძურის სამშობლოში ჩამოტანა, ექვთიმე თაყაიშვილი თბილისში დაბრუნდა. მეცნიერი გარდაიცვალა 1953 წელს. საქართველოს ეკლესიამ 2002 წელს იგი წმინდანად შერაცხა.