აშშ-ის ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა, ჰილარი კლინტონმა, კონგრესის კომიტეტს განუცხადა, რომ მას „წარმოდგენა არ აქვს“ ჯეფრი ეპშტეინისა და მისი თანამზრახველის, გისლენ მაქსველის დანაშაულების შესახებ.
კლინტონი ეპშტეინის საქმეზე რამდენიმე საათის განმავლობაში დახურულ კარს მიღმა წარმომადგენელთა პალატის კომიტეტს ჩვენებას აძლევდა.
რაც შეეხება მის მეუღლეს, ყოფილ პრეზიდენტი ბილ კლინტონს, ის ჩვენებას ზედამხედველობის კომიტეტს დღეს, პარასკევს მისცემს.
ჰილარი კლინტონმა განცხადება X-ზე გამოაქვეყნა.
„მე წარმოდგენა არ მქონდა მათ დანაშაულებრივ საქმიანობაზე“, - თქვა კლინტონმა ეპშტეინსა და მის მსჯავრდებულ თანამზრახველ მაქსველზე.
„არ მახსოვს ეპშტეინთან შეხვედრა. არასდროს მიფრენია მისი თვითმფრინავით და არც მის კუნძულზე, სახლში ან ოფისში ვყოფილვარ. ამაზე არაფერი მაქვს დასამატებელი“, - აღნიშნა კლინტონმა.
თავის განცხადებაში მან ასევე მოუწოდა წარმომადგენელთა პალატის კომიტეტს, ფიცის ქვეშ დაკითხვაზე დაიბაროს აშშ-ის ამჟამინდელი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ეპშტეინის ფაილებში მისი სახელის განმეორებით ხსენებასთან დაკავშირებით.
ჰილარი კლინტონის ჩვენება ხუთშაბათს მოულოდნელად შეწყდა მას შემდეგ, რაც ამერიკელ კანონმდებლებთან დახურული შეხვედრიდან ფოტოები გავრცელდა.
კომიტეტის წევრმა დემოკრატებმა განაცხადეს, რომ კოლორადოს შტატის კონგრესმენ ლორენ ბობერტის მიერ გადაღებული ფოტოს გამოქვეყნება „აბსოლუტურად წესების საწინააღმდეგო“ იყო.
ბობერტმა განაცხადა, რომ მან კლინტონის ფოტო ჩვენებიდან კონსერვატორ ბლოგერს გაუგზავნა. მან BBC-ს განუცხადა, რომ ფოტო ჩვენების დაწყებამდე იყო გადაღებული.
ცნობისათვის, აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი ბილ კლინტონი და მისი მეუღლე, ყოფილი სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი, დათანხმდნენ წარმომადგენელთა პალატის მიერ სექსუალური ტრეფიკინგისთვის მსჯავრდებული ჯეფრი ეპშტეინის საქმეზე წარმომადგენლობითი პალატის მიერ წარმოებულ გამოძიებაზე ჩვენების მიცემას.
შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ჯეფრი ეპშტეინის საქმის მასალების გამოქვეყნების შემდეგ იუსტიციის დეპარტამენტმა სხვა საკითხებზე უნდა გაამახვილოს ყურადღება.
ფინანსისტ ჯეფრი ეპშტეინს სექსუალური ტრეფიკინგისთვის ბრალი 2019 წელს წაუყენეს. ბრალის თანახმად, მან ათობით არასრულწლოვანი გოგო სექსუალურ ტრეფიკინგში ჩართო. ეპშტეინი ციხეში გარდაიცვალა, ოფიციალური ინფორმაციით, მან სიცოცხლე სუიციდით დაასრულა. სექსუალური ტრეფიკინგის ბრალდებით დააკავეს ასევე ეპშტეინის პარტნიორი ქალი გილეინ მაქსველი, რომელსაც 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.
2024 წელს გამოქვეყნებულ ეპშტეინის საქმის სასამართლო დოკუმენტებში დასახელებული იყო რამდენიმე ცნობილი სახელი, რომლებსაც ბრალდებულთან ჰქონდათ კავშირი. ერთ-ერთ დოკუმენტში ფიგურირებს დონალდ ტრამპის სახელიც, თუმცა მის მართლსაწინააღმდეგო ქმედებებზე საუბარი არ არის. ცნობილია, რომ წლების წინ დონალდ ტრამპს ურთიერთობა ჰქონდა ჯეფრი ეპშტეინთან, რომელიც ფინანსისტად მუშაობდა ნიუ იორკსა და ფლორიდაში.