საჯარო ბიბლიოთეკის შენობაში შრომის კოდექსის ბეჭდური ვერსიის პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიებას იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი დაესწრო.
საზოგადოებრივი მნიშვნელობიდან და ინტერესიდან გამომდინარე, პირველი წიგნი, რომელიც „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს" სტამბაში დაიბეჭდა, არის საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს შრომის კოდექსი". პირველი გამოცემა სამენოვანია. ტექსტი ინგლისურად „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს" მთარგმნელობით ცენტრში ითარგმნა, ხოლო ტექსტის რუსული თარგმანი საქართველოს პარლამენტში არსებულ მთარგმნელობით ცენტრში შესრულდა.
„საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში" ოფიციალური ბეჭდვითი გამომცემლობის აღდგენა იურიდიული ტექსტების ხელმისაწვდომობის გაზრდას, საზოგადოებაში სამართლებრივი ცნობიერების ამაღლებასა და ქვეყანაში კანონის უზენაესობის დამკვიდრებას ისახავს მიზნად.
როგორც დღევანდელ პრეზენტაციაზე იუსტიციის მინისტრმა განაცხადა, ახალი შრომის კოდექსით მიღებულია გარკვეულწილად დაბალანსებული სისტემა დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის. შეიცვალა ტრადიცია, როდესაც დამსაქმებელს ყველანაირი უფლება ჰქონდა, დასაქმებულს კი, არანაირი. "ახლა დასაქმებულს გაუჩნდა მნიშვნელოვანი და საბაზისო უფლებები. მაგალითად - იცოდეს, რატომ ათავისუფლებენ, შეეძლოს ეფექტიანად იჩივლოს სასამართლოში და ჰქონდეს თუნდაც ნორმირებული სამუშაო დღე, რაც არ არის ხელწამოსაკრავი უფლება", - განაცხადა მინისტრმა.
სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე" საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი ოფიციალური ბეჭდვითი ორგანოა, რომელიც ბოლო წლებში მხოლოდ ელექტრონული სახით ფუნქციონირებდა.
ბოლო პერიოდში ჩატარებულმა სოციოლოგიურმა კვლევამ იურიდიული ტექსტების ბეჭდურ ვერსიაზე მაღალი მოთხოვნილება გამოავლინა. იუსტიციის მინისტრის გადაწყვეტილებით, „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს" სტამბაში განხორციელდა ტექნიკური გადაიარაღება და განახლდა ბეჭდური გამომცემლობა.
ბეჭდური გამომცემლობის ეფექტიანი პოლიტიკის დაგეგმვისა და განხორციელებისათვის იუსტიციის სამინისტროში სარედაქციო საბჭო შეიქმნა, რომელიც განსაზღვრავს მოკლე და გრძელვადიან პრიორიტეტებს იმასთან დაკავშირებით, ნორმატიული აქტების გარდა, კიდევ რა ტიპის იურიდიული ლიტერატურა უნდა იბეჭდებოდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში" და რა ტირაჟით.
სარედაქციო საბჭოს საქართველოს იუსტიციის მინისტრი უხელმძღვანელებს.