თბილისში დევნილებისთვის საცხოვრებელი ბინების განაწილებასთან დაკავშირებით სპეციალური განაცხადების მიღება იწყება. აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა დავით დარახველიძემ ბრიფინგი გამართა. მინისტრის თქმით, დევნილებისთვის ბინების გნაწილებაზე სპეციალური ანკეტების შევსება დღეიდან დაიწყება. დევნილები ანკეტების შესავსებად ვაჟა ფშაველას 16 ნომერში უნდა მიბრძანდნენ.
დავით დარახველიძის თქმით, ანკეტების მიღება იწყება თბილისში, ყვარლის ქუჩაზე, ყოფილი სკოლის შენობაში, სადაც ამჟამად სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს. შენობის რეაბილიტაცია სექტემბერში დასრუყლდება და იქ 82 დევნილი ოჯახი შესახლდება. დევნილი ოჯახების შერჩევა კი სამინისტროს, დონორი და პარტნიორი ორგანიზაციების მიერ შემუშავებული კრიტერიუმების შესაბამისად მოხდება.
მინისტრმა დავით დარახველიძემ ცხრილიც წარმოადგინა თბილისის სხვადასხვა უბნებში დარეგისტრირებულმა დევნილებმა სპეციალური ანკეტები როდის უნდა შეავსონ. ცხრილში გაწერილია, ვაჟა ფშაველას 16 ნომერს რომელი უბნის მცხოვრებმა დევნილმა როდის უნდა მიმართოს.
„იმისათვის, რომ ოფისთან არ დადგეს რიგი და არ იყოს გაურკვევლობა, იქვე გამოკრულია თბილისის რომელი რაიონის მცხოვრებმა დევნილმა, როდის უნდა მიაკითხოს და ჩააბაროს თავისი განაცხადი. დღეს დაიწყო განაცხადების მიღება ყვარლის ქუჩაზე მდებარე ყოფილი სომხური სკოლის ობიექტზე ბინის მიღების მსურველთათვის, სადაც სექტემბრის 15 რიცხვისთვის მზად იქნება 82 ოჯახისთვის საცხოვრებელი ბინა. ასევე, უახლოეს პერიოდში ანკეტების შევსება სხვა ობიექტებზეც დაიწყება, ესენია: გლდანის მესამე მიკრო რაიონში მდებარე ყოფილი პოლიციის შენობა, გარდაბნის გზატკეცილზე მდებარე ყოფილი სკოლის შენობა და ჯიქიას ქუჩაზე არსებული ობიექტი" - განაცხადა დავით დარახველიძემ.