საბაჟო გამშვებ პუნქტზე „წითელი ხიდი" შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა 523 ცალი მაჯის საათი აღმოაჩინეს. კერძოდ, 28 ივლისს აზერბაიჯანიდან საქართველოში „MERCEDES BENZ" -ის მარკის ავტობუსი შემოვიდა, რომელსაც აზერბაიჯანის მოქალაქე ჯალალ მ. მართავდა. ავტობუსის დათვალიერების შედეგად საბარგულში სათადარიგო ნაწილების შესანახ სივრცეში მალულად (ავტობუსის ნაწილების და ხელსაწყოების ქვეშ), 523 ცალი სხვადასხვა ბრენდის სასაქონლო ნიშნის მქონე მაჯის საათი გამოვლინდა. ექსპერტიზის დასკვნით, საქონლის საბაჟო ღირებულებამ 11612 ლარი შეადგინა. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10 ნაწილის შესაბამისად, ჯალალ მ. საქონლის ღირებულების 100 %-ის ოდენობით დაჯარიმდა.