კოალიცია "ქართული ოცნების" მარტვილის საარჩევნო შტაბის ყოფილმა წევრებმა დღეს საპროტესტო აქცია გამართეს. აქციაზე მათ უმრავლესობის ლიდერის დავით საგანელიძის ფიტული დაწვეს.
„ქართული ოცნების" მარტვილის საარჩევნო შტაბის ყოფილი უფროსი ზურა ბიგვავა აცხადებს, რომ საგანელიძის დანიშვნით მთელი სამეგრელო უკმაყოფილოა.
„მხედრიონელების რეამინაციით და შევარდნაძის ხალხით საგანელიძეს სამგრელოში გვირგვინს არ დავადგმევინებთ"- აცხადებს ზურა ბიგვავა .
„1 ოქტომბრამდე ვინც იყო ქართულ ოცნებაში, ვინც ებრძოდა ახალაიებსა და ქარდავებს, ვინც მოუტანა მათ ხმები ის ხალხი იგნორირებულია. საპრეზიდენტო არჩევნებისთვის საარჩევნო შტაბის უფროსი საგანელიძე გახდა. მას უნდა მოიყვანოს თავისი ხალხი- ყოფილი მხედრიონელები, ნაციონალები და მემარეჯვენეები, მაგრამ საგანელიძეს ეს არ გაუვა"- აცხადებს ბიგვავა.
აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ თუკი საკადრო პოლიტიკა არ შეიცვლება, ისინი საპროტესტო აქციებს გააგრძელებენ.
დღეს გამართულ აქციაზე განაცხადეს, რომ "ქართული ოცნების" სამეგრელოს რეგიონის კურატორად ყოფილი "მემარჯვენეების" წევრი ვალერი კვარაცხელია დაინიშნა, რასაც აქციის მონაწილეები აპროტესტებენ.