წინასაარჩევნოდ აჭარის ბიუჯეტი იცვლება. „საერთაშორისო გამჭირვალობა - საქართველოს" ინფორმაციით, მათთვის ცნობილი გახდა, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო აჭარის ბიუჯეტში ცვლილებების შეტანას გეგმავს, რომელთა შორისაა ჯანდაცვის პროექტებისა და ადგილობრივი თვითმმართველობისთვის დაფინანსების ზრდა.
როგორც „საერთაშორისო გამჭირვალობა - საქართველოში" განმარტავენ, საქართველოს ორგანული კანონის „საარჩევნო კოდექსის" 49-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, არჩევნების დანიშვნის დღიდან არჩევნების შედეგების შეჯამებამდე აკრძალულია ისეთი პროექტების განხორციელება, რომლებიც მანამდე არ იყო გათვალისწინებულისახელმწიფო/ადგილობრივ ბიუჯეტში. გარდა ამისა, დაუშვებელია იმ საბიუჯეტო პროგრამების ზრდა, რომლებიც არჩევნებამდე გათვალისწინებული იყო ბიუჯეტით, ასევე, არაგეგმური ტრანსფერების ინიცირება ან გეგმური ტრანსფერის ზრდა ადგილობრივ ბიუჯეტში. ამ წესის დარღვევის შემთხვევაში უფლებამოსილ პირს შეუძლია მიმართოს სასამართლოს და მოითხოვოს ხარჯების შეჩერება.
„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტი რეგიონული ბიუჯეტია, რომელიც ადგილობრივ ბიუჯეტად უნდა ჩაითვალოს, შესაბამისად, ეს რეგულაციები ზემოთ ნახსენებ საბიუჯეტო ცვლილებებსაც ეხება.
მოვუწოდებთ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს, თავი შეიკავოს წინასაარჩევნო პერიოდში ბიუჯეტში ცვლილებების განხორციელებისაგან"- განმარტავენ ორგანიზახციაში.
იმავდროულად ორგანიზაცია არ ეწინააღმდეგება ბიუჯეტის ერთ-ერთ ცვლილებას, რომელიც აჭარის ტელე-რადიო დეპარტამენტის დაფინანსებას ეხება, ვინაიდან ეს უკანასკნელი გამოწვეულია გამოუვალი მდგომარეობით და მისი გადადება დეპარტამენტის არსებობას საფრთხეს შეუქმნის. გარდა ამისა, ეს ინიციატივა თავისი არსით, ადმინისტრაციული რესურსის საარჩევნო მიზნებით გამოყენებასთან არ ასოცირდება.
„იმ შემთხვევაში, თუ უმაღლესი საბჭო მაინც განახორციელებს საბიუჯეტო ცვლილებებს, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" ხარჯების შესაჩერებლად მიმართავს სასამართლოს"- განმარტავენ არასამტავრობო ორგანიზაციაში