ტურისტული სეზონის გამო აჭარაში საპატრულო ეკიპაჟთა რაოდენობა 30 %-ით გაიზარდა, - ამის შესახებ განცხადება შინაგან საქმეთა მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბათუმში სტუმრობისას გააკეთა. შს უწყების ხელმძღვანელმა საპატრულო პოლიციის რებრენდინგზე და მოძველებული ავტომანქანების ახლით ჩანაცვლებაზე ისაუბრა.
"ტურისტული სეზონის დაწყებასთან დაკავშირებით ჩვენ დამატებითი ზომები მივიღეთ აჭარის მოსახლეობისა და დამსვენებლებთა უსაფრთხოების გაძლიერების მიზნით, შესაბამისად, საპატრულო ეკიპაჟების რაოდენობა 30 %-ით გავზარდეთ, მოძველებული ავტომანქანების რაოდენობა შევცვალეთ ახლით, სპეციალურად გამოვყავით მინიკუპერების მარკის ავტომობილები, რომლებიც ტურისტულ ზონებში პატრულირებას უფრო მარტივს გახდის. ამავე მიზნით დაემატა მოტოციკლეტები. ასევე ველოდებით ელექტრომობილების შემოყვანას ბათუმში, რომელიც პატრულირებას განახორციელებენ ბულვარში", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
საპატრულო პოლიციის დეპარტამენტმა აჭარის რეგიონში პატრულის ეფექტური მუშაობისთვის ავტოპარკი განაახლა და „შკოდა"-ს მარკის 21 ახალი, თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი ავტომოანქანა დაამატა. ბათუმის ქუჩების სპეციფიკიდან გამომდინარე, მხოლოდ ბათუმის საპატრულო პოლიციას გადაეცა 7 ახალი „მინი კუპერი"-ს მარკის საპატრულო ავტომანქანა. ავტოპარკი განახლდა ელექტოროტრანსპორტითაც და მას 4 ცალი ე.წ. „სეგვეი"დაემატა. აჭარის საპატრულო პოლიციამ საზღვაო პატრულირებისთვის 1 კატარღა მიიღო.