12 ივლისს, საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა და აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარემ არჩილ ხაბაძემ რეგიონში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერეს.
ბათუმში მათ მოინახულეს ადლიის სანაპირო ზოლში სტიქიის შედეგად დაზიანებულ მონაკვეთზე მიმდინარე ნაპირსამაგრი სამუშაოები. პროექტის დასაფინანსებლად ფინანსთა სამინისტრომ წელს რეგიონების განვითარების ფონდიდან I ეტაპის სამუშაოებისთვის 5 მლნ ლარი გამოყო. პროექტირების დასრულებისთანავე სამუშაოები უახლოეს პერიოდში დაიწყება.
დღესვე ფინანსთა მინისტრი და აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარე გაეცნენ ქ.ქობულეთის სანაპირო ზოლის ნაპირსამაგრი სამუშაოების მიმდინარეობას, ასევე 9 აპრილის ქუჩის მონაკვეთზე მიმდინარე სამუშაოებსა და ბათუმი-ქობულეთის შემოვლითი გზის მშენებლობაზე არსებულ მდგომარეობას.
.„დღეს პირადად გავეცანი აჭარის რეგიონში ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობას, რისთვისაც სახელმწიფოს მხრიდან მნიშვნელოვანი თანხები იხარჯება, მათ შორის, განსაკუთრებით აღსანიშნავია ბათუმი-ქობულეთის შემოვლითი გზის პროექტი. იგი საშუალებას მოგვცემს ერთის მხრივ, განიტვირთოს ქალაქის მოძრაობა და მეორეს მხრივ, მნიშვნელოვნად გაიაფდეს სატრანსპორტო გადაზიდვები, რაც გაზრდის ჩვენი ქვეყნის კონკურენტუნარიანობას და გააძლიერებს სატრანზიტო ფუნქციას მთელი რეგიონისთვის. მთავრობა გააგრძელებს ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსებას, რაც ხელს შეუწყობს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას," - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა.
აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარის არჩილ ხაბაძის განცხადებით, ბათუმი-ქობულეთის შემოვლითი გზის სამშენებლო სამუშაოები აგვისტოს ბოლოს დასრულდება და გზა სექტემბრიდან ამოქმედდება. მისი თქმით, მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რეგიონის სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისთვის, ინვესტიციების მოზიდვისა და ტურიზმის ხელშეწყობის კუთხით.