დღეს, 27 თებერვალს, თბილისის საკონცერტო დარბაზში გამართულ ეროვნულ ფინალზე საქართველოს სახელით "ევროვიზიიაზე" წარსადგენი სიმღერა შეირჩევა. ფინალური შოუს ტრანსლაცია საქართველოს ტელევიზიის პირველი არხის პირდაპირ ეთერში გაიმართება. შერჩეული კომპოზიციით საქართველოს სახელით "ევროვიზიაზე" სოფო ნიჟარაძე ოსლოში წარდგება.
იმ 6 სიმღერას შორის, რომლითაც სოფო ნიჟარაძე ფინალში წარდგება, არის როგორც ქართველი, ისე უცხოელი ავტორების მიერ დაწერილი სიმღერები. გამარჯვებული სიმღერა ტელემაყურებელთა და ჟიურის ერთოვბლივი ხმის მიცემის შემდეგ გაირკვევა.
საზოგადოებრივი მაუწყებლის საპროდიუსერო ჯგუფმა საკონკურსოდ წარმოდგენილი 100-ზე მეტი სიმღერიდან 6 შეარჩია.
ნაციონალური ფინალისთვის შერჩეული ექვსი სიმღერიდან სამი ქართველი ავტორისაა.
ამერიკაში მოღვაწე თინა ჯაფარიძემ თანაავტორებთან ბენ რობინსსა და ბილი ლაივსისთან ერთად სიმღერა "NEVER GIVE IN" ("არასოდეს დანებდე") წარმოადგინა. თინა ჯაფარიძის მიერ დაწერილმა სიმღერამ შარშან ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე ისლანდიას მეორე ადგილი მოუტანა.
შიდაშესარჩევ კონკურსში გაიმარჯვა გერმანიაში მცხოვრებმა ბრენდონ სტოუნმა, იმავე ბესიკ შპეტიშვილმა, სიმღერით - "Callme" ("დამირეკე").
ექვსეულში მოხვდა მიხეილ მდინარაძე, სიმღერით "Ourword" ("ჩვენი სიტყვა").
ცნობილმა კომპოზიტორმა სვიკა პიკმა სიმღერა სპეციალურად სოფო ნიჟარაძისთვის დაწერა. სვიკა ისრაელში პოპულარული მომღერალი და კომპოზიტორია. მის მიერ შექმნილმა სიმღერამ "Diva" ისრაელს 1998 წელს ევროფესტივალზე გამარჯვება მოუტანა. მისივე სიმღერა ააჟღერა 2003 წლის ევროვიზიაზე უკრაინის წარმომადგენელმა.
საზოგადოებრივ მაუწყებელში სიმღერა გამოგზავნეს პორტუგალიელმა კომპოზიტორმა კარლოს კოელომ და ანდრეი ბაბიკმა, სახელწოდებით "FOR ETERNITY" ("მარადისობისთვის"). სიმღერა სპეციალურად სოფო ნიჟარაძისთვის დაიწერა.
ორივე მათგანს ევროვიზიაზე დიდი გამოცდილება აქვს. ანდრეი ბაბიკმა ევროვიზიის კონკურსზე მონაწილე 4 სხვადასხვა ქვეყნისთვის (2008 წ. - პორტუგალია, 2003 წ. -ხორვატია, 2005 წ. - ბოსნია, 2007 წ. და 2009 წ. -სლოვენია) 5 სიმღერა შექმნა, ხოლო კარლოს კოელომ 2008 წელს ევროვიზიაზე პორტუგალიის წარმომადგენლისთვის დაწერა სიმღერა.
მეექვსე სიმღერაა ნორვეგიელი ჰენ სორვააგის, შვედი ჰარი სომერდალის და კრისტიან ლეუზის - "SHINE" ("ნათება").
2010 წლის ევროვიზიის სიმღერის ფესტივალი ნორვეგიის დედაქალაქ ოსლოში ჩატარდება. გამარჯვებულ სიმღერას სოფო ნიჟარაძე მეორე ნახევარფინალურ საღამოზე, ტელენორის არენაზე 27 მაისს იმღერებს.