საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით 2010 წელს მასწავლებელთა ნებაყოფლობითი სერთიფიცირება განხორციელდება იმისათვის, რომ ქართველმა პედაგოგებმა მომავალ წლებში სახელფასო დანამატი მიიღონ.
"2010 წელს განხორციელდება მასწავლებელთა ნებაყოფლობითი სერთიფიცირება და ამის მთავარი სტიმული არის ის რომ სერთიფიცირებული მასწავლებლები მომავალ წლებში მიიღებენ სახელფასო დანამატს", - განაცხადა სააკაშვილმა.
პრეზიდენტმა განათლების სისტემაში დაგეგმილ სხვა რეფორმებზედაც ისაუბრა.
"უსაფრთხო სკოლის პროცესის ფარგლებში ხორციელდება ისეთი ღონისძიებები, როგორიც არის ნაღდი ფულის ბრუნვის აკრძალვა სკოლებში. ფულს არაფერი ესაქმება სკოლებში. მოსწავლეთა საანგარიშსწორებო ბარათები შემოვა. ეს არ არის კრედიტბარათები. ეს სპეციალური ბარათებია. ეს სისტემა დაინერგება ქვეყნის დიდი ქალაქების სკოლების ინფრასტრუქტურული შესაძლებლობებიდან გამომდინარე მათი საფეხურების მიხედვით და ასევე დაიყოფა იმისათვის, რომ უფროს და უმცროს კლასელები იყვნენ სხვადასხვა ადგილზე.
მიხეილ სააკაშვილმა ეროვნულ სასწავლო გეგმასა და ახალ საგნებზე ისაუბრა.
"ეროვნული სასწავლო გეგმა გაითვალისწინებს ისეთ ახალ საგნებს, როგორებიც არის საინფორმაციო ტექნოლოგიები, მსოფლიო კულტურის ისტორია და სამოქალაქო თავდაცვა და უსაფრთხოება. ფიზიკური აღზრდის გაკვეთილებს ჩაანაცვლებს სპორტის გაკვეთილები. შეიქმნება სასკოლო ლიგები სპორტის სხვადასხვა სახეობაში. განათლება არის ერთადერთი ყველაზე ქმედითი იარაღი უმუშევრობასთან ბრძოლაში. შეიძლება არ გქონდეს უმაღლესი განათლება, მაგრამ უნდა გქონდეს პროფესიული განათლება და ეს აუცილებელია. თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აღჭურვილი პროფესიული განათლების ცენტრები უზრუნველყოფენ ყოველწლიურად 20 ათასამდე კადრის მომზადებას. პრიორიტეტი მიენიჭება მოთხოვნადი პროფესიების განვითარებას", - აღნიშნა სააკაშვილმა.
სააკაშვილმა მოსწავლეთა სამართლებრივი კულტურის ამღლების და სკოლებში კვების ობიქტებზე კონტროლის შემოღების აუცილებლობაზედაც გაამახვილა ყურადღება.
"იმისათვის, რომ ამაღლდეს მოსწავლეთა სამართლებრივი კულტურა, გაიმართება სისტემატური შეხვედრები პროკურატურის, იურიდიული დახმარების სამსახურის და პოლიციის წარმომადგენლებთან. სკოლების სასადილოები გადაეცემა კერძო კომპანიებს, რომლებიც იკისრებენ ვალდებულებას შექმნან შესაბამისი სტანდარტების ინფრასტრუქტურა. მკაცრი კონტროლი შემოვა კვების სტანდარტზე ყველა სკოლაში", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
პრეზიდენტის განცხადებით, საქართველოში მცხოვრები ყველა ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლებს წელს პირველად ექნებათ საშუალება ისარგებლონ სპეციალური კვოტებით უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩაბარებისას.
ქვეყნის პირველმა პირმა საკანონმდებლო ორგანოში დეპუტატებს წლიური მოხსენებით მიმართა. პრეზიდენტის გამოსვლას სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი, მთავრობის წევრები, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები და თბილისში ვიზიტით მყოფი რუსი ჟურნალისტები ესწრებოდნენ.