მერიის დაკავებულ მაღალჩინოსნებთან დაკავშირებით დამატებით ინფორმაცია გასაჯაროვდება. როგორც ჟურნალისტებთან ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა განაცხადა გამოძიება გადაწყვეტს, რა ტიპის ინფორმაციები გასაჯაროვდება და რა - არა.
"გამოძიება იქნება უდავოდ ძალიან გამჭვირვალე, საზოგადოებას ექნება ინფორმაცია, მაგრამ მხოლოდ გამოძიების ინტერესების გათვალისწინებით და მხოლოდ მას შემდეგ, რაც გამოძიება კიდევ რამდენიმე საინტერესო კითხვაზე გასცემს პასუხს. ამის შემდეგ ბევრი ინფორმაცია იქნება საჯარო, გამოძიება გაასაჯაროებს ყველა ინფორმაციას და მერწმუნეთ, ძალიან ბევრი არ მოეწონებათ, მათ შორის მერიაში", _ განაცხადა ნოდარ ხადურმა.
ფინანსთა მინისტრი დედაქალაქის მერიის მოთხოვნას მოხდეს მათი თანამშრომლების დაკავების ამსახველი ვიდეომასალის გავრცელება გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ კამერა არ არის დაკითხვაზე აუცილებელი ატრიბუტი.
"ადამიანები დაკითხვაზე კამერებთან ერთად არავის არ დაჰყავს, ამას აკეთებდნენ "ნაციონალური მოძრაობის" წევრები, როცა მოქალაქეებს ღამე უვარდებოდნენ სახლში და საცვლების ამარა აჩვენებდნენ მეუღლეებს საძინებელში. ჩვენ ასე არ ვიქცევით და არც მოვიქცევით, კამერა არ არის დაკითხვაზე ადამიანის მიყვანის საჭირო ატრიბუტი", - აღნიშნა ხადურმა.
შეგახსენებთ, დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების მითვისება-გაფლანგვის ფაქტზე, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები თბილისის მერის მოადგილე დავით ალავიძე, თბილისის განვითარების ფონდის თავმჯდომარე დავით ავალიანი, თბილისის შესყიდვების სამსახურის უფროსი ალექსი თაბუაშვილი, მთაწმინდა-კრწანისის გამგებლის მოადგილე დიმიტრი ჩხეიძე დააკავეს, ხოლო თბილისის განვითარების ფონდის ყოფილი თავმჯდომარის, გიორგი საბანაძის მიმართ გამოტანილია დადგენილება, ბრალდებულად სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის შესახებ. ოთხივე დაკავებულს რუსთავის საქალაქო სასამართლომ ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.