შაითან-უმაროვი სავარაუდოდ, სოჭის ზამთრის ოლიმპიური თამაშების დაწყებამდე იქნება განადგურებული. განცხადება ამის შესახებ ჩეჩნეთის მეთაურმა რამზან კადიროვმა ჩრდილოკავსიელ მებრძოლთა ლიდერის დოკუ უმაროვის მუქარის საპასუხოდ გააკეთა.
„ის - შაითანია, დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ მას ოლიმპიადამდე გავანადგურებთ. ჩვენ მას ყოველდღე ვეძებთ და ის არსად არ ჩნდება", _ განაცხადა კადიროვმა და აღნიშნა, რომ უმაროვი მხოლოდ ინსტრუმენტია „რუსეთის დასავლელი და ევროპელი მტრების ხელში", რომლებსაც არ მოსწონთ ოლიმპიადის ჩატარების იდეა და ამ საველე მეთაურს თავისი მიზნებისათვის იყენებენ.
„მან სადღაც იქ ჩაწერა ვიდეო და კვლავ სოროში ჩაბრუნდება და იქ დაიმალება. ვნახე ჩანაწერები, ეტყობა, რომ სადღაც იმალება. ვირთხების დედა ვირთხების დედაა და მისგან სხვას რას უნდა ელოდო.
უმაროვი პირველ რიგში მუსულმანების, შემდეგ კი მთელი კაცობრიობის მტერია", _ განაცხადა რამზან კადიროვმა.
შეგახსენებთ, რომ ორგანიზაცია „იმარატ კავკაზის" ამირი დოკუ უმაროვი აცხადებს, რომ დარტყმები რუსეთის ფედერაციის ტრეიტორიაზე განახლდება და მოუწოდებს ყველა ჩრდილოკავკასიელ მებრძოლს არ დაუშვან სოჭის ოლიმპიადის ჩატარება რუსეთის მიერ მოკლული კავკასიელების ძვლებზე.
უმაროვი ასევე აცხადებს, რომ „იმარატ კავკაზის" სამშვიდობო ინიციატივა რუსეთის ტერიტორიაზე საბრძოლო ოპერაციების ჩატარების შეჩერების შესახებ, რუსეთის მიერ „იმარატ კავკაზის" სისუსტედ იქნა აღქმული და არა როგორც კეთილი ნების აქტი.
მისივე თქმით, ამის შემდეგ მხოლოდ გაძლიერდა მშვიდობიანი მუსულმანების დევნა და გაიზარდა მსხვერპლი მშვიდობიან მოსახლეობას შორის.