ქუთაისის ახლადარჩეული მერი დიმიტრი კოპალიანი ხელისუფლებას დახმარებას სთხოვს. მისი განცხადებით, ქალაქის საკრებულოში ყოფილი ნაციონალები, რომლებიც ახლა „საქართველოს პატრიოტთა ალიანსში" გაწევრიანდნენ მას იმპიჩმენტით ემუქრებიან. კოპალიანის თქმით, ამერიკაში 22-წლიანი ცხოვრების შემდეგ დაბრუნებულს ქუთაისში უზნეო პოლიტიკოსები დახვდა.
„ათეული წლები ვცხოვრობდი ამერიკაში და ბევრი უზნეო და უსინდისო ადამიანი მინახავს, მაგრამ ის რაც ქუთაისში ვნახე, ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. იმპიჩმენტით მემუქრებიან ის ადამიანები, რომლებსაც ახალმა ხელისუფლებამ თავად უნდა გამოუცხადოს იმპიჩმენტი", - განაცხადა კოპალიანმა.
ცნობისთვის, ქუთაისის საკრებულოში უმრავლესობაში „საქართველოს პატრიოტთა ალიანსია", აღნიშნული ფრაქციის წევრებმა განაცხადეს, რომ მერის მუშაობა არ მოსწონთ და შესაძლოა მას იმპიჩმენტი გამოუცხადონ.