2009 წლის 28 ოქტომბერს, ერევანში, სომხეთის მხარის შუამავლობითა და 2009 წლის 23 დეკემბერს, "ყაზბეგის" გამშვებ პუნქტზე, შვეიცარიის მხარის მონაწილეობით საქართველოსა და რუსეთის ექსპერტთა შეხვედრებზე მიღწეული შეთანხმებების შესაბამისად, 2010 წლის 1 მარტიდან განახლდება მიმოსვლა "ყაზბეგის" (საქართველო) და "ზემო ლარსის" გამშვები პუნქტების (შემდგომში - გამშვები პუნქტები) გავლით. ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესცენტრი იუწყება.
სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ აღნიშნულის თაობაზე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ნოტით შეატყობინა საქართველოში შვეიცარიის საელჩოს, ხოლო რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტრომ - შვეიცარიის საელჩოს რუსეთის ფედერაციაში.
"ყაზბეგის" (საქართველო) გამშვები პუნქტის გავლით პირების, სატრანსპორტო საშუალებების, ტვირთების, საქონლისა და ცხოველების გატარება განხორციელდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
"ზემო ლარსის" (რუსეთის ფედერაცია) გამშვები პუნქტის გავლით პირების, სატრანსპორტო საშუალებების, ტვირთების, საქონლისა და ცხოველების გატარება განხორციელდება რუსეთის ფედერაციის კანონებისა და წესების შესაბამისად. გამშვები პუნქტები გახსნილი იქნება ყოველდღიურად, 1 მარტიდან 1 ნოემბრამდე პერიოდში - 6.00-დან 22.00 საათამდე, ხოლო 1 ნოემბრიდან 1 მარტამდე პერიოდში - 7.00-დან 19.00 საათამდე. კლიმატური პირობების გათვალისწინებით, 1 ნოემბრიდან 1 მაისამდე, დაშვებულია გამშვები პუნქტების გავლით მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი სატვირთო ავტოსატრანსპორტო (სატრანსპორტო) და 30 ადგილზე მეტი რაოდენობის სამგზავრო სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის შეზღუდვა. გამშვებ პუნქტებზე აკრძალულია სახელმწიფო საზღვრის ფეხით გადაკვეთა. ერთ-ერთი მხარის მიერ ავტოსატრანსპორტო საშუალების გატარებაზე უარის შემთხვევაში, მეორე მხარე ნებას მისცემს აღნიშნული ავტოსატრანსპორტო საშუალება დაუბრკოლებლად და დაუყოვნებლივ დაბრუნდეს საკუთარ ტერიტორიაზე. "ყაზბეგი" (საქართველო) გამშვებ პუნქტზე არ გაიცემა საქართველოს ვიზები", - ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.