ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში საქართველოს დაბალი შედეგების ყველა მიზეზი თბილისშია და არა კიევში, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანდრიი სიბიჰა X-ზე წერს.
„ქართული მხარე სარკეში საკუთარ ანარეკლზე არ უნდა გაბრაზდეს. ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში საქართველოს დაბალი შედეგების ყველა მიზეზი თბილისშია და არა კიევში.
რაც შეეხება უკრაინას, ჩვენ მეგობარ ქართველ ხალხს, მხოლოდ ერთ რამეს ვუსურვებთ: თავიანთი ევროპული მისწრაფებები განახორციელოს, მათი ამჟამინდელი მთავრობის პოლიტიკის მიუხედავად. საქართველო ევროპაა და არა „რუსული სამყარო“, - წერს სიბიჰა.
სიბიჰა აზიარებს გამოცემა Liga.net-ის სტატიას, რომელშიც მოცემულია საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მაკა ბოჭორიშვილის ციტატა:
„საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციისა და კანდიდატის სტატუსის მოპოვების პროცესს, გარკვეულწილად, თან ახლდა უკრაინის მხრიდან ნეგატიური დამოკიდებულება - რათა საქართველოს ეს სტატუსი არ მიეღო.“
საკუთარი თვალით ვნახეთ, რა კამპანიები ჩატარდა 2022-2023 წლებში... უკრაინა სხვადასხვა ფორმით ეწინააღმდეგებოდა საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას. ეს ღიად ხდებოდა და ყველამ ვიცით ამის შესახებ“, - თქვა ბოჭორიშვილმა.