რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებზე რუსული დელეგაციის ხელმძღვანელი გრიგორი კარასინი აცხადებს, რომ თბილისის წარმომადგენლები მოლაპარაკებებზე არასოლიდურად და ვერაგულად მოიქცნენ და დისკუსიის გაგრძელებაზე არსობრივად უარი განაცხადეს. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.
„მოსკოვში იმედგაცრუებული არიან ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებათა მორიგი რაუნდით", _ აცხადებს გრიგორი კარასინი. მისივე თქმით, ჩატარებული რაუნდით ასევე იმედგაცრუებულნი არიან აფხაზი და ოსი სეპარატისტები.
„მინდა გულწრფელად გითხრათ, რომ ჩატარებულმა რაუნდმა ჩვენში იმედგაცრუება გამოიწვია, ისევე როგორც აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლებში.
შეასძლოა ჩვენს ქართველ კოლეგებში გაჩნდა სურვილი იმისა, რომ ეჩვენებინათ, რომ ისინი არანაკლებ პატრიოტულ ჟესტებს ფლობენ, ვიდრე მათი წინამორბედები.
მაგრამ ყოველივე ეს ძალიან არასოლიდურად და ვერაგულად გამოიყურებოდა. იმიტომ, რომ ჟენევის მოლაპრაკებებზე დადგინდა პრაქტიკა, რომ ყველა მხარე თავისი პოზიციის არგუმენტირებას ახდენს. ამ შემთხვევაში ეს ასე არ მომხდარა.
რას ვიზამთ? საქართველოში წინ საპრეზიდენტო არჩევნებია და როგორც ჩანს მსგავსი პოზიცია აწყობთ, როგორც ამ რაუნდის მონაწილეებს ასევე პოლიტიკოსებს თბილისში", _ განაცხადა კარასინმა.
კარასინმა განმარტა, რომ მოლაპარაკებებზე თბილისის წარმომადგენლებმა უარი განაცხადეს დისკუსიის გაგრძელებაზე და განაცხადეს, რომ დარბაზში აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ბევრი წარმომადგენელია, რაც შექმნილ ფორმატს არღვევს.
„საქმე იმაშია, რომ მეორე ჰუმანიტარული ჯგუფის ზოგმა წარმომადგენელმა მას შემდეგ რაც იქ მსჯელობა ჩაიშალა დევნილების თემატიკაზე პირველ ჯგუფში გადმონაცვლა", _ განაცხადა კარასინმა.