დღეს, 25 ივნისს, თბილისის პროკურატურამ სანდრო გირგვლიანისა და ლევან ბუხაიძის გატაცებისა და ოქროყანის სასაფლაოზე ჩადენილი დანაშაულის კიდევ ერთი, მე-5 მონაწილე, დავით თამაზის ძე ქოქიაშვილი დააკავა.
აღნიშნული პირის მონაწილეობა ჩადენილ დანაშაულში უკანასკნელ პერიოდამდე დაფარული იყო საზოგადოებისათვის. დაკავებული დანაშაულის ჩადენის დროს შინაგან საქმეთა სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის მე-2 სამმართველოს პირველი განყოფილების უფროსის მოადგილედ მუშაობდა.
2006 წლის 30 სექტემბრიდან იგი მთაწმინდა-კრწანისის შს სამმართველოს პირველი განყოფილების უფროსად დაინიშნა, შემდეგ შს სამინისტროს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსად. ამ თანამდებაზე დავით ქოქიაშვილმა 2011 წლის სექტემბრამდე დაჰყო. 2011 წლის სექტემბრიდან „კუდ"-ის თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილედ დაინიშნა, ხოლო 2012 წლის 18 ოქტომბრამდე ისანი-სამგორის შს სამმართველოს უფროსად, საიდანაც დაითხოვეს.