ქართული დელეგაცია ჟენევის მოლაპარაკებებზე ოკუპირებულ ტერიტორიებზე ბოლო დროს შექმნილ ვითარებაზე გააკეთებს აქცენტს. როგორც ჟურნალისტებთან საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ დავით ჯალაღანიამ განაცხადა შეხვედრაზე ქართული მხარე ოკუპანტების მიერ მავთულხლართების გაბმასაც გააპროტესტებს.
"25-26 ივნისს ჟენევაში ჩატარდება მოლაპარაკების მორიგი 24-ე რაუნდი. საქართველოს დელეგაციას საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დავით ზალკალიანი უხელმძღვანელებს. შეხვედრის ფარგლებში საქართველოს დელეგაცია დააყენებს რუსეთის მიერ ძალის გამოუყენებლობის თაობაზე პასუხისმგებლობის აღების ვალდებულებას, ასევე ხაზს გაუსვამს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩვენი თანამემამულეების უსაფრთხოების მდგომარეობის გაუარესებას, რომელიც გამოიწვეულია ბოლო პერიოდში შექმნილი ვითარებით საოკუპაციო ძალების მიერ, კერძოდ ვგულისხმობ საოკუპაციო გამყოფ ხაზზე მავთულხლართებისა და სხვადასხვა წინაღობების ბარიერების აღმართვის საკითხს. ამაზე იქნება ძალიან პრინციპული საუბარი და ქართული მხარე თავის პროტესტს გამოხატავს", - განაცხადა ჯალაღანიამ.