ე.წ. სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე ზაზა ხიდაშელი და მალხაზ ედიშერაშვილი ამჟამად ე.წ. სამხრეთ ოსეთის უშიშროების სამსახურის ე.წ. სასაზღვრო სამმართველოში იმყოფებიან. ინფორმაციას ამის შესახებ ოსური მედია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, დაკავებულებთან მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები იმის დასადგენად თუ რა გარემოებებში „დაარღვიეს მათ რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვარი".
შეგახსენებთ, რომ გუშინ, შეიარაღებულმა რუსმა ოკუპანტებმა გორის რაიონის სოფელ წითელუბანში მცხოვრები ზაზა ხიდაშელი და მალხაზ ედიშერაშვილი დააკავეს. ხიდაშელი და ედიშერაშვილი ქართული მხარის კონტროლირებად ტერიტორიაზე პირუტყვს მწყემსავდნენ. დაკავების ფაქტს ჰყავს თვითმხილველი ავთანდილ მახარაძე, რომელიც ამ დროს, საკუთარ ბაღში მუშაობდა.