სამტრედიის მუნიციპალიტეტში დილის 11 საათზე ჩანიშნული საკრებულოს სხდომა ამ დრომდე არ დაწყებულა. დეპუტატებს სხდომის ჩატარებისა და ახალი თავმჯდომარის არჩევას შენობაში შეჭრილი კოალიცია „ქართული ოცნების" აქტივისტები არ აძლევენ. ადგილზე მობილიზებულია იმერეთის სამხარეო პოლიციის ათეულობით პოლიციელი, რომლებმაც საკრებულოს სხდომათა დარბაზამდე სპეციალური კორდონი გააკეთეს, რადგან დეპუტატებს შიგნით შესვლის უფლება მიეცეთ. ადგილზე იმყოფებიან საპარლამენტო უმცირესობის და უმრავლესობის წარმომადგნელები, რომლებიც შენობაში შეჭრილ მოქალაქეთა ერთ ჯგუფს სიმშვიდისკენ მოუწოდებენ და საკრებულოს სხდომის ჩატარების შესაძლებლობას ითხოვენ.
„დილიდან შემოჭრილები არიან ოცნების მხარდამჭერები და გვაიძულებენ რომ სხდომა არ ჩავატაროთ, რადგან იციან, სამტრედიის საკრებულოში ნაციონალები უმრავლესობაში ვართ და საკრებულოს თავმჯდომარედაც ნაციონალს ავირჩევთ", - განაცხადა საკრებულოს წევრმა დავით ნიკოლეიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ საკრებულოს დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე დეპუტატებს საკრებულოს თავმჯდომარე უნდა აერჩიათ.