რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში იაპონური საზოგადოებრივ-პოლიტიკური ორგანიზაციის „ისუიკაი"-ს დელეგაცია ჩადის. ინფორმაციას ამის შესახებ აფხაზური მედია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, იაპონური დელეგაციის წევრები აფხაზეთში ორ დღეს დაჰყოფენ. დელეგაციას მიცუხირო კიმურა ხელმძღვანელობს.
21 ივნისს იაპონელი სტუმრები აფხაზ სეპარატისტთა ლიდერს ალექსანდრე ანქვაბს შეხვდებიან. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული ორგანიზაცია აფხაზეთში 2011 წელს იმყოფებოდა. მაშინ სეპარატისტები იუწყებოდნენ, რომ ეს ორგანიზაცია მხარს დაუჭერს აფხაზეთს საერთაშორისო აღიარების საკითხში.
მაშინ სოხუმში ჩასულმა იაპონელებმა გვირგვინებით შეამკეს ქართულ -აფხაზური კონფლიქტის დროს დაღუპული აფხაზი ბოევიკების საფლავები. მათი დელეგაციის ხელმძღვანელმა მიცუხირო კიმურამ კი განაცხადა, რომ „ის გრძნობს სამურაის სულს, რომლითაც სავსე არის აფხაზი ხალხი სამშობლოს დაცვის საკითხში".
კიმურა ასევე დაპირდა სეპარატისტებს მათი „სიმართლის" იაპონიაში ჩატანას.
ასევე აღსანიშნავია, რომ 2010 წლის მაისში, ეს დელეგაცია ასევე ცხინვალის რეგიონშიც იმყოფებოდა.