ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრემიერ მინისტრმა ლეონიდ ლაკერბაიამ განაცხადა, რომ აფხაზ სეპარატისტთა ლიდერის ალექსანდრე ანქვაბის მიმართვაზე რუსეთის მართლმადიდებლურ ეკლესიას ოფიციალური პასუხი ჯერ არ გაუცია. ინფორმაციას ამის შესახებ აფხაზური მედია ავრცელებს. ეს განცხადება ლაკერბაიამ აფხაზეთში ეკლესიის შესახებ მიმდინარე ხელმოწერების შეგროვების კომენტირებისას გააკეთა.
„არავის არ ძალუძს წინააღმდეგობა გაუწიოს აფხაზეთის ხალხის ნების გამოხატვას აფხაზეთის მართლმადიდებლური ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის საკითხში", - განაცხადა ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრემიერ-მინისრმა ლეონიდ ლაკერბაიამ.
მისივე თქმით, მან და ე.წ. მინისტრთა კაბინეტის წევრთა უმრავლესობამ გამოკითხვაში პირადად მიიღო მონაწილეობა.
„პრეზიდენტის ადმინისტრაციაშიც ასევე მხარი დაუჭირეს ამ ძალიან მნიშვნელოვან აქციას", _ განაცხადა ლაკერბაიამ.
„ჩვენ აფხაზეთის ეკლესიას მხოლოდ ავტოკეფალიად ვხედავთ და არა სხვანაირად", _ ასევე აღნიშნა მან და რუსულ ეკლესიას მხარდაჭერისათვის კიდევ ერთხელ დიდი მადლობა გადაუხადა.
შეგახსენებთ, რომ ანქვაბნა რუსეთის ეკლესიას აფხაზი ეპისკოპოსის ხელდასხმა სთხოვა.