ვანო ჩხარტიშვილის ადვოკატები შსს და პროკურატურაში განცხადებას შეიტანენ. ამის შესახებ ,,ქორთიარდ მარიოტში" გამართულ პრესკონფერენციაზე ვანო ჩხარტიშვილის ერთ-ერთმა ადვოკატმა დიმიტრი გაბუნიამ განაცხადა.
,,ამ დღეებში ჩვენ გვინდა შევიტანოთ პროკურატურაში და შსს განცხადება იმის თაობაზე, რომ ვანო ჩხარტიშვილის პირადი კომპიუტერი იქნა გატეხილი და წაღებული მთლიანად მისი ინფორმაცია. ეჭვი გვაქვს, რომ ეს ინფორმაცია არის გაყიდული. ეს კომპიუტერი გატეხილია ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნებისგან და შემდეგ არის ტირაჟირებული და გაყიდული", _განაცხადა გაბუნიამ და აღნიშნა, რომ ეს ფაქტი წინა ხელისუფლების დროს მოხდა.
,,ქორთიარდ მარიოტში" გამართულ პრესკონფერენციაზე ვანო ჩხარტიშვილის ადვოკატებმა შს მინისტრსა და მთავარ პროკურორს მოუწოდეს აღკვეთონ ადამიანის პირადი და საქმიანი ცხოვრების ხელშეუხებლობის გარანტიის კონსტიტუციით განსაზღული ნორმის უხეში დარღვევის მორიგი მცდელობა.
დიმიტრი გაბუნია, მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს ვანო ჩხარტიშვილს იჭერენ და ის ქვეყნიდან გაქცევას აპირებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ეს სინამდვილეს არ შეესაბამება.
,,ბოლო დღეების განმავლობაში პრესის საშუალებით გავრცელებული იქნა ინფორმაცია, თითქოს ვანო ჩხარტიშვილს იჭერენ და საზღვარგარეთ აპირებს გაქცევას, ეს მინდა გითხრათ არის აბსურდი. ჩვენ მზად ვართ ვითანამშრომლოთ საგამოძიებო ორგანოებთან ნებისმიერ დროს, ნებისმიერ მომენტში, როცა დაგვიძახებენ", _განაცხადა გაბუნიამ და აღნიშნა, რომ გამოძიებას მიაწვდიან ინფორმაციას თუ რა ფორმით აპირებს ბადრი პატარკაციშვილის ოჯახის ვანო ჩხარტიშვილის დაშანტაჟებას.
,,გუშინ ლევან გაჩეცილაძემ გააკეთა განცხადება, რომ ის წარმოადგენდა ბადრის ოჯახს. ამ მოლაპარაკებებში ჩართული იყო გოგა ხაინდრავაც. ჩვენ ვადასტურებთ ამ გარემოებას, რომ ეს ყველაფერი იყო. მე შემთხვევით არ ვახსენებ ამ გვარებს. ამ ყველაფრის შემდეგ, ვანო ჩხარტიშვილის აზრით, ყველა ეს მონაწილე პირები, სამწუხაროდ, არიან ჩართული გარკვეულ კამპანიაში. ამაზე მეტს ამ თემასთან დაკავშირებით ამ ეტაპზე არ ვიტყვი, რადგან გამოძიებისთვის საკმაოდ საინტერესო მასალები გაგვაჩნია, რომელსაც მივაწვდით, თუ რა ფორმით აპირებს ბადრი პატარკაციშვილის ოჯახი დააშანტაჟოს ვანო ჩხარტიშვილი, იგივე მედიისა და შავი პიარის გამოყენებით. შესაბამისად მათ მოუწოდებთ ნუ გავცდებით სამართლებრივ სივრცეს", _ განაცხადა გაბუნიამ.