ბადრი პატარკაციშვილის ოჯახის ადვოკატები ვანო ჩხარტიშვილის ადვოკატების დღეს, ,,ქორთიარდ მარიოტში" გაკეთებულ განცხადებებს პასუხობენ, რომელსაც ,,ჯი-ეიჩ-ენი" უცვლელად გთავაზობთ: ,,გვსურს გამოვეხმაუროთ იმ განცხადებებს, რაც ვანო ჩხარტიშვილის ადვოკატებმა პრეს-კონფერენციაზე 18 ივნისს გააკეთეს. ჩხარტიშვილის ადვოკატების განმარტებით, მთავარ პროკურატურას არ ჰქონდა უფლება, განეახლებინა შეწყვეტილი საქმის წარმოება ვანო ჩხარტიშვილის წინააღმდეგ. ამის საპასუხოდ გვინდა განვმარტოთ, რომ მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის შესაბამისად, ზემდგომი პროკურორი უფლებამოსილი იყო განეახლებინა საქმის წარმოება. ჩვენი აზრით, სწორედ ამ უფლების გამოყენებით მოხდა გამოძიების განახლება.
ჩხარტიშვილის ადვოკატებმა დღევანდელ პრეს-კონფერენციაზე დაადასტურეს, რომ კომპანია „სონატა ალიანს ჯორჯია" ვანო ჩხარტიშვილთან ასოცირებული კომპანიაა. მეორეს მხრივ, ჩვენს ხელთ არსებული მტკიცებულებებით, ბადრი პატარკაციშვილის გარდაცვალების შემდეგ სწორედ ამ კომპანიაზე მოხდა პატარკაციშვილის კუთვნილი აქტივების მინიმალურ ფასად გადატანა. ეს ეხება ფოთის პორტის ორ ნავმისადგომს, ფოთის წისქვილკომბინატს, თბილისში მდებარე თამბაქოს ქარხანას, ასევე მიწის ნაკვეთებს.
ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ჩხარტიშვილის წარმომადგენელთა მიერ დღევანდელ პრეს-კონფერენციაზე გაკეთებული განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ აქტივების გადატანა განპირობებული იყო სურვილით, გადაერჩინათ პატარკაციშვილის ქონება. ჩვენი შეფასებით, ეს არის პირდაპირი აღიარება, რომ ქონება ბადრი პატარკაციშვილის საკუთრება იყო და, შესაბამისად, ის უპირობოდ უნდა დაუბრუნდეს მის ოჯახს და მემკვიდრეებს.
რაც შეეხება განცხადებას, რომ აქტივების გადატანა ბადრი პატარკაციშვილის თანხმობით ხდებოდა, სწორედ იმიტომ, რომ არ გავცდეთ სამართლებრივ ჩარჩოებს, ბატონ ჩხარტიშვილს ვთხოვთ წარმოადგინოს კონკრეტული მტკიცებულებები, რომ აქტივების მის შვილებზე გადატანა მართლაც ბადრი პატარკაციშვილის თანხმობით ხდებოდა.
რაც შეეხება ჩხარტიშვილის მიერ გამოთქმულ ბრალდებას მის წინააღმდეგ პიარ კამპანიის წარმოების შესახებ, კიდევ ერთხელ გვინდა განვმარტოთ, რომ ჩვენ მკაცრად მივყვებით სამართლებრივ პროცედურებს და მათ შესაბამისად წარმოვადგენთ ჩვენი პოზიციის დამადასტურებელ მტკიცებულებებს. ნაცვლად იმისა, რომ ამ მტკიცებულებებს გაეცეს პასუხი ასევე სამართლებრივ სივრცეში, სწორედ ჩხარტიშვილის მხარე ცდილობს პიარ აქტივობებით მოახდინოს ამ საკითხების გადაფარვა, მტკიცებულებებზე პასუხისგან თავის არიდება და მსჯელობის არასამართლებრივ სივრცეში გადატანა", _ნათქვამია ბადრი პატარკაციშვილის ოჯახის ადვოკატების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.