რუსი ოკუპანტები ე.წ. სახელმწიფო საზღვრის გამაგრებას აგრძელებენ. ამჟამად ინტენსიური სამუშაოები გალის რაიონში, ოტობაიასა და მიმდებარე სოფლებში მიმდინარეობს. სამუშაოებს აფხაზეთში არსებული რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახური ატარებს.
აფხაზური მხარის ინფორმაციით, საზღვრის გამაგრების მთავარი ამოცანა "საქართველოსა და აფხაზეთს შორის არსებული ყველა არაკონტროლირებადი ზონის გადაკეტვაა. 2009 წელს დაწყებული ამ სამუშაოების მთლიანად დასრულებას რუსი ოკუპანტები 2013 წლის ბოლოსათვის აპირებენ.
"საინჟინრო წინაღობის დაძლევა იოლი არ იქნება. სპეციალური საინჟინრო ტექნიკის მეშვეობით იზღუდება თხრილებისა და მიწაყრილების გადალახვა. სახელმწუფო საზღვრის მთელს პერიმეტრზე კი მრავალკილომეტრიანი წინააღმდეგობის ხაზი იმართება. ზოგი თხრილის სიფართე 3 დან 5 მეტრამდეა", _ იუწყება აფხაზური მხარე.
"რეალურად ვხედავთ, რომ კონტრაბანდა, რომელიც ქართული მხრიდან მოდიოდა პრაქტიკულად შეწყვეტილია და მხოლოდ ცალკეული წვრილი შემთხვევები ხდება. ძირითადად კი მასა ის რაც მოდიოდა შეჩერებულია", _ განაცხადა გალის რაიონის ე.წ. ადმინისტრაციის უფროსმა ბესლან არშბამ.