10 ივნისს, 15:00 საათზე აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი დავით ბალაძე და აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ნუგზარ სურმანიძე ქედის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 50 ეკომიგრანტ ოჯახს ბინებს გადასცემენ.
დღესვე ეკომიგრანტ ოჯახებს მემორანდუმები დაურიგდება, რაც ბინების სიმბოლურ ფასად 1 ლარად გადაცემას ითვალისწინებს.
ოჯახები ქედის მუნიციპალიტეტის ყოფილი საავადმყოფოს რეაბილიტირებულ შენობაში განთავსდებიან. აღნიშნული ოჯახები „აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების შემსწავლელმა სამთავრობო კომისიამ" შეარჩია. კომისიამ სტიქიის შედეგად დაზარალებული 70 ოჯახის მდგომარეობა 2013 წლის იანვარ-თებერვალში შეისწავლა, შენობაში შესახლების რეკომენდაცია მიეცა 50 ოჯახს, რომელთა საცხოვრებელი სახლები დანგრეულია და აღდგენას არ ექვემდებარება.
ქედის მუნიციპალიტეტის ყოფილი საავადმყოფოს შენობის რეაბილიტაცია 2012 წელს დაიწყო. ამ ხნის განმავლობაში ობიექტი საცხოვრებელი ბინების მოსაწყობად გადაგეგმარდა, შეიცვალა კარ-ფანჯრები, ელექტრო და სანტექნიკის გაყვანილობა, ჩატარდა მოსაპირკეთებელი სამუშაოები, მოწესრიგდა ეზო და შენობასთან მისასვლელი გზა. შენობის სამშენებლო-ტექნიკური სამუშაოებისათვის მილიონ 131 874 ათასი ლარი აჭარის ფინასთა და ეკონომიკის სამინისტროს ბიუჯეტიდან გამოყო. სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა შპს „ სამშენებლო კომპანია ბათუმმა" განახორციელა.