ეკონომიკა ახლა გამოდის შოკიდან, აღნიშნულის შესახებ განცხადებას ფინანსთა მინისტრი აკეთებს. ნოდარ ხადურის განმარტებით, ახალი ხელისუფლების პირობებში ბიზნესი ზეწოლისგან განთავისუფლდა. მინისტრს მიაჩნია, რომ სამომავლოდ ქვეყანაში უკეთესი მაკრო-ეკონომიკური პარამეტრები დაფიქსირდება.
„ეკონომიკა გამოდის შოკიდან. ის ყველაფერი რაც დღეს საქართველოს ეკონომიკაში ხდება არის ობიექტური. ერთ დღეში საოცრებები არ ხდება და ჯადოსნური ჯოხი არავის არ აქვს. ეს არის ბოლო პერიოდის, განსაკუთრებით 2007 წლიდან დაწყებული ბიზნესზე ზეწოლის გამოძახილი. ამიტომ ჩვენ აბსოლიტურად გაგებით ვეკიდებით ბამ სიტუაციას. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიღწევა რაც უკვე არის ეს არის ის, რომ ბიზნესი განთავისუფლდა ზეწოლისაგან. ვერც ერთი ბიზნესმენი ვერ გეტყვით, რომ მას დაავალეს რომელიმე მომღერლის ჩამოყვანა, ან რომელიმე დანგრეული ფერმა აყიდინეს 20 მილიონად. ჩვენი ამოცანაა, რომ ბიზნესს შესაბამისი პირობები შევუქმნათ, იმისათვის, რომ მეორე კვარტალი იყოს უკეთესი და ასე შემდეგ"- განაცხადა ხადურმა.