აზერბაიჯანის რესპუპლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა ელმარ მამედიაროვმა, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება, ამერიკის სახელმწიფო მდივანთან შეხვედრისას პირადად დაპატიჟა ჯონ კერი ოფიციალური ვიზიტით ბაქოში. ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
„ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, რომელმაც დიდი დაინტერესება გამოთქვა აღნიშნული ვიზიტის ორგანიზების მხრივ, ელმარ მამედიაროვის შემოთავაზებას სიამოვნებით დათანხმდა", - ნათქვამია აზერბაიჯანის საგარეო უწყების განცხადებაში.
შეხვედრისას ჯონ კერიმ აღნიშნა, რომ აზერბაიჯანი შეერთებული შტატების მნიშვნელოვანი პარტნიორია. სახელმწიფო მდივანმა ხაზგასმით აღნიშნა აზერბაჯანის მონაწილეობა ნატოს მისიაში ავღანეთში და ოფიციალური ბაქოს წვლილი ევროპის ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველყოფაში.
თავის მხრივ, ელმარ მამედიაროვმა აღნიშნა, რომ აზერბაიჯანი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ორმხრივ ურთიერთობებს ამერიკის შეერთებულ შტატებთან. მისივე თქმით, მჭიდრო თანამშრომლობა ენერგეტიკის, საინვესტიციო და ეკონომიკის სფეროებში მომავალში უფრო გაღრმავდება.