კახეთში, ძლიერი წვიმისა და ქარის შედეგად, ლაგოდეხის რაიონის სოფელი კაბალი დაზარალდა. სტიქიამ, ათობით ოჯახს სათბურები გაუნადგურა. ადგილობრივი მოსახლეობა დახმარებას ითხოვს.
მათი თქმით, თუ გლეხებს ხელისუფლება არ დაეხმარება, ისინი ბანკებიდან აღებული კრედიტის დაფარვას ვერ მოახერხებენ.
ძლიერმა ქარმა ლაგოდეხის რაიონში რამდენიმე სახლს სახურავიც გადახადა, მოგლიჯა ხეები და ელექტროგადამცემი ხაზები, რის შედეგადაც, ლაგოდეხს და მის მიმდებარე სოფლებს ამ დრომდე ელექტროენერგია არ მიეწოდება.
როდის დაიწყება სტიქიით მიყენებული ზარალის დათვლა ლაგოდეხის რაიონში, ჯერჯერობით უცნობია.
ლაგოდეხთან ერთად, ქარიშხლის შედეგად, ასევე დაზარალდა სიღნაღის რაიონის სოფელი ერისიმედი.