საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენლები სოფელ დიცში საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ, სადაც ადგილობრივ მოსახლეობას და სამართალდამცავებს შეხვდნენ. საია საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება და საგანგებო განცხადებას ავრცელებს.
საია მოუწოდებს რუსეთის ხელისუფლებას შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფა, ადამიანის უფლებების უხეში დარღვევა და დაიცვას 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულების პირობები.
"სწორედ რუსეთის ფედერაცია ახორციელებს ეფექტურ კონტროლს ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე. შესაბამისად, საერთაშორისო სამართლის პრინციპებისა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს სტანდარტით, უკანონო თავისუფლების აღკვეთის თითოეული ფაქტსა თუ ადამიანის უფლებების სხვა დარღვევებზე, თუნდაც ისინი დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ იყოს ჩადენილი, პასუხისმგებლობა სწორედ რუსეთის ფედერაციას ეკისრება", _ ნათქვამია განცხადებაში.
ამას გარდა, საქართველოს ხელისუფლებას, გამოიყენოს ყველა შესაძლო დიპლომატიური თუ სამართლებრივი ბერკეტები საქართველოს მოქალაქეების უფლებების დასაცავად. ამასთან, მნიშვნელოვანია შემუშავებულ იქნას სპეციალური გეგმა და სამართლებრივი მექანიზმები, რათა რისკის ზონაში მცხოვრები მოსახლეობის მიწაზე საკუთრების უფლების გამარტივებული ფორმით რეგისტრაცია მოხდეს, რაც საჭიროების შემთხვევაში, ამ ადამიანებს დარღვეული უფლებებისათვის ბრძოლის ეფექტურ შესაძლებლობას მისცემს.
"საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს, მოსთხოვონ რუსეთის ფედერაციას ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების შესრულება, რათა არ გაგრძელდეს საქართველოს ტერიტორიის ანექსია და ოკუპირებული ხაზის გასწვრივ მცხოვრები მოსახლეობის უფლებების დარღვევა.
საია იცავს ე.წ. ადმინისტრაციული საზღვრის მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები არაერთი პირის ინტერესებს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში თავისუფლების უკანონო აღკვეთისა, თუ საკუთრების უფლების ხელყოფის ფაქტებთან დაკავშირებით. ამასთან, საია მზადაა საჭიროების შემთხვევაში, სამართლებრივი დახმარება აღმოუჩინოს სხვა დაზარალებულ პირებსაც", _ ნათქვამია განცხადებაში.