ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების ფაქტის შემსწავლელი დროებითი საპარლამენტო კომისია გამსახურდიას მთავრობის წარმომადგენლის ბესარიონ გუგუშვილის დაკითხვის ორგანიზებას ითხოვს.
ეს საკითხი დღეს სესიაზე კომისიის შუალედური ანგარიშის წარდგენისას კომისიის თავმჯდომარემ კონსტანტინე გამსახურდიამ დააყენა. მას მხარი უმრავლესობის წევრებმა ეკა ხერხეულიძემ და ბეჟან ბუცხრიკიძემ დაუჭირეს.
როგორც ბუცხრიკიძემ განაცხადა, ბესარიონ გუგუშვილი დროდადრო სხვადასხვა ინტერვიუს აქვეყნებს, ერთ-ერთ მათგანში კი ამბობს, რომ სიმართლეს ის ოჯახის წევრებს სიკვიდლის წინ ეტყვის.
"რა უნდა ვქნათ, დაველოდოთ გუგუშვილის გარდაცვალებას, ღმერთმა დიდხანს აცოცხლოს თუ რა ზომები მივიღოთ", - აცხადებს ბუცხრიკიძე.
დეპუტატებს საეჭვოდ მიაჩნიათ ის გარემოება, რომ ბესარიონ გუგუშვილი კატეგორიულობით ცდილობს იმის დამტკიცებას, რომ ზვიად გამსახურდიამ თავი მოიკლა.
ბესარიონ გუგუშვილი ამჟამად ფინეთში იმყოფება.