ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამძიებო დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, დააკავეს ყალბი პირადობის მოწმობებისა და პასპორტების დამამზადებელთა ჯგუფის წევრები: წარსულში ყაჩაღობასა და ნარკოტიკული ნივთიერებების შეძენა-შენახვისათვის სამჯერ ნასამართლევი ნუგზარ სულამანიძე, აგრეთვე, მამუკა წიკლაური და ნოელ აკოფოვი.
გავრცელებული ინფორმაციით, სულამანიძე ერთ-ერთ მოქალაქეს დაჰპირდა ყალბი პირადობის მოწმობისა და პასპორტის დამზადებას 5 500 აშშ დოლარის სანაცვლოდ. იგი დაუკავშირდა წიკლაურსა და ნოელ აკოფოვს, რომლებმაც უშუალოდ დაამზადეს ყალბი დოკუმენტები. სამართალდამცველბმა სულამანიძე მაშინ დააკავეს, როცა მან ერთ-ერთ მოქალაქეს ყალბი პირადობის დამადასტურებელი მოწმობა გადასცა და მისგან თანხის ნაწილი - 1000 აშშ დოლარი აიღო.
მამუკა წიკლაურის ბინაზე ჩატარებული ჩხრეკის შედეგად ამოღებული იქნა უკანონოდ შენახული ცეცხლსასროლი იარაღისათვის განკუთვნილი 59 ვაზნა, გაურკევეველი წარმომავლობის მრგვალი სველი ბეჭედი და უცნობი პიროვნებების პასპორტები.
მიმდინარეობს წინასწარი გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას სამიდან ექვს წლამდე ვადით.