. ძლიერ ქარს თბილისში კიდევ ერთი ადამიანი ემსხვერპლა.
მამაკაცს ქარისგან მოგლეჯილი ხე, დიღმის მასივში, ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე დაეცა. ის ადგილზევე გარდაიცვალა.
მანამდე კიდევ ერთი უბედური შემთხვევა აღმაშენებლის ხეივანში მოხდა. ქარისგან მოგლეჯილმა ხემ "მერსედესის" მარკის ავტომანქანა მოიყოლია, რის შედეგადაც მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა, ორი მგზავრი კი საავადმყოფოშია გადაყვანილი.
გარდა ამისა, ქარის შედეგად დაშავდა წინამძღვრიშვილის ქუჩაზე მცხოვრები 35 წლის გურამ მამიროვიც, რომელიც საკუთარი სახლის სახურავზე გადახდილი სახურავის შესაკეთებლად ავიდა, თუმცა ძლიერმა ქარმა ის ძირს გადმოაგდო. დაშავებული წმინდა მიხეილის საავადმყოფოშია მოთავსებული. იქ წუხელვე ქალაქის ვიცე-მერმა და ჯანდაცვის სამსახურის ხელმძღვანელმა მოინახულეს. დაზარალებულის მკურნალობის ხარჯებს მთლიანად დედაქალაქის მთავრობა დაფარავს.
აღსანიშნავია, რომ სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა თბილისის მოგლეჯილი ხეებისგან გაწმენდა წუხელვე დაიწყეს. მოგლეჯილი ხეები დაიჭრება და ის სოციალურად დაუცველ მოსახლეობას დაურიგდება.
ძლიერმა ქარმა ელექტროსადენებიც დააზიანა. დენი მთელი საქართველოს მასშტაბით ამ დროისთვის 138 ათას აბონენტებს არ მიეწოდება. სპეციალისტები პრობლემის მოსაგვარებლად ამ წუთებშიც მუშაობენ. მხოლოდ თბილისში ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი მუხიანის, საბურთალოს, ლილოს, ორხევისა და ტაბახმელას ნაწილი. დენი არ მიეწოდება მცხეთის, წავკისა და დუშეთის მოსახლეობასაც. ენერგეტიკოსების ინფორმაციით, ყველა აბონენტეს ელექტოენერგიის მიწოდება დღესვე აღუდგება.
შეგახსენებთ, რომ დედაქალაქში გუშინ მთელი დღის განმავლობაში ძლიერი ქარი იყო.