პოლიტოლოგ რამაზ კლიმიაშვილის განცხადებით, "ალიანსი საქართველოსთვის" დაშლა მოსალოდნელი იყო. როგორც კლიმიაშვილმა "ჯი-ეიჩ-ენს" განუცხადა, "თავიდანვე ჩანდა, რომ ალიანსი ხელოვნური გაერთიანება იყო".
"რას ვიზამთ, საქართველოში ხდება ხოლმე, როცა თითქოს საქმისთვის გაერთიანდებიან და მერე ვეღარ თანხმდებიან. აქედან გამომდინარე, ირაკლი ალასანიას განცხადება, რომელიც ალიანსელ კოლეგებს "თავისუფალი მოქმედების შესაძლებლობას" აძლევს, არ გამკვირვებია", - განუცხადა კლიმიაშვილმა "ჯი-ეიჩ-ენს".
პოლიტოლოგის განმარტებით, იმ კონტექსტში, როცა "რესპუბლიკელები" და "ახლები" თბილისის მერობის პოსტზე სწორედ ირაკლი ალასანიას უჭერდა მხარს, ამ უკანასკნელმა კი "ასეთი" განცხადება გააკეთა, არ არის გამორიცხული, ალასანიამ ოპოზიციური ერთობის მისაღწევად საკუთარი კანდიდატურა რომელიმე სხვის სასარგებლოდ მოხსნას.
"შესაძლოა, "რესპუბლიკელები" და "ახლები" ამას არ ეთანხმებოდნენ, რაც დღის ბოლოს გაირკვევა, როცა ამ პარტიების ლიდერების მხრიდან შესაბამისი განცხადება გაკეთდება", - განმარტა მან.