23 თებერვლიდან 2 მარტამდე თბილისს სამუშაო ვიზიტით ეწვევა ცნობილი გერმანელი მუსიკოსი, პროფესორი ვოლფგანგ გააგი. ის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის ორკესტრის მუსიკოსებისთვის (ლითონის ჩასაბერი საკრავების ჯგუფი) ჩაატარებს მასტერ-კლასებს.
ვოლფგანგ გააგს საინტერესო შემოქმედებითი ბიოგრაფია აქვს: ბერლინის უნივერსიტეტისა და ბერლინის მუსიკის აკადემიაში ვოლფგანგ გააგმა მიიღო ფუნდამენტური განათლება (როგორც ხმის რეჟისორმა და ვალტორნისტმა), რისი საშუალებაც მას მიეცა რიჰარდ ვაგნერის საზოგადოების გრანტის მეოხებით.
სწავლის დამთავრების შემდეგ, 1969 წლიდან ვოლფგანგ გააგი პირველი ვალტორნისტის სტატუსით თანამშრომლობს გერმანიის წამყვან სიმფონიურ ორკესტრებთან, მათ შორის, ბამბერგის, შტუტგარტის სიმფონიურ, ბაიროითის საფესტივალო, მიუნხენის ფილარმონიულ ორკესტრებთან. მას სოლისტად ხშირად იწვევენ ცნობილი დირიჟორები. ვოლფგანგ გააგი ხშირად მუსიცირებს მსოფლიოს მნიშვნელოვან მუსიკალურ ცენტრებში გამოჩენილ მუსიკოსებთან თუ ცნობილ კამერულ ანსამბლებთან ერთად.
ვოლფგანგ გააგი 80-იანი წლებიდან აქტიურად მოღვაწეობს პედაგოგიურ ასპარეზზეც შტუტგარტის, მიუნხენის მუსიკალურ აკადემიებში, ინტენსიურად მართავს მასტერ-კლასებს გერმანიასა და მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. მუსიკოსს ხშირად იწვევენ სხვადასხვა პრესტიჟული კონკურსებისა და ფესტივალების ჟიურის წევრად.
ვოლფგანგ გააგის შესრულებით გამოცემულია მრავალი ჩანაწერი. მისი რეპერტუარი საკმაოდ მრავალფეროვანია.
1984 წელს ენრიკე კრესპოსთან ერთად ვოლფგანგ გააგმა დააფუძნა გერმანელ ლითონის ჩასაბერ საკრავებზე შემსრულებელ მუსიკოსთა ასოციაცია.