ხვალ, 23 თებერვალს, 16:00 სთ-ზე, საქართველოს ეროვნული მუზეუმის აუდიტორიაში იწყება საქართველოს ეროვნული მუზეუმისა და საქართველოს საპატრიარქოს მიერ ორგანიზებული ლექციების კურსი "ქრისტიანული ხელოვნება საქართველოში". ლექციები 23 თებერვლიდან 26 მარტის ჩათვლით გაგრძელდება და განკუთვნილია სტუდენტებისა და უფროსი ასაკის აუდიტორიისათვის.
პროგრამა გამოფენის "ძველი და ახალი ქართული საეკლესიო ხელოვნება" ფარგლებში ხორციელდება.
გამოფენაზე წარმოდგენილია შუა საუკუნეებისა და XX-XXI სს-ის საეკლესიო ხელოვნების სხვადასხვა დარგის ნამუშევრები: ფერწერული და ჭედური ხატები, ქვაზე და ხეზე კვეთილობის, ნაქარგობისა და ტიხრული მინანქრის ნიმუშები.
შ. ამირანაშვილის სახელობის ხელოვნებისა და ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმების ფონდებში დაცული შუა საუკუნეების ძეგლების დიდი ნაწილი პირველად გამოიფინა. თანამედროვე ხელოვნების ექსპოზიცია წარმოდგენილია ეკლესია-მონასტრებში, სახელოსნოებსა და კერძო მფლობელთა კოლექციებში შერჩეული საეკლესიო ნივთებით. ექსპონირებულია თანამედროვე კედლის მხატვრობის ფოტოებიც.