"საქართველოსა და სამხრეთ ოსეთს შორის სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობები ამჟამად არარეალურია და ეს იქნება მანამ ვიდრე ოფიციალური თბილისი სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობას არ აღიარებს", _ ეს განცხადება ოს სეპარატისტთა ლიდერმა ლეონიდ თიბილოვმა რუსულ მედიისათვის მიცემულ ინტერვიუში გააკეთა.
"ამის შესახებ არაერთხელ მითქვამს და კიდევ ვიმეორებ. ამას გარდა, საქართველო ვალდებულია პოლიტიკურ-სამართლებრივი შეფასება მისცეს თავის ქმედებებს რომლებიც მან სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ განახორციელა 1989 წლიდან დაწყებული და სამხრეთ ოსეთის გენოციდი აღიაროს", _ აცხადებს თიბილოვი.
მისივე განცხადებით, საქართველომ ასევე ხელი უნდა მოაწეროს იურიდიულად სავალდებულო ხელშეკრულებას ძალის გამოუყენებლობის შესახებ და, ბოლოს, საქართველომ უნდა აანაზღაუროს ე.წ. სამხრეთ ოსეთისათვის მიყენებული ზარალი, რომელიც მან ე.წ. რესპუბლიკას 1989-1992 წლების კონფლიქტის შედეგად მიაყენა.
"საქართველოს სახელმწიფოს ლიდერებმა ვერა და ვერ გაიგეს, რომ სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელი სახელმწიფოა და ის არასოდეს არ დაბრუნდება საქართველოს შემადგენლობაში.
სამწუხაროდ , საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება "მეოცნებეები" არიან და აგრძელებენ ოცნებას სწორედ რევანშისა და ნამდვილ განზრახვებს ჰუმანიტარული და ეკონომიკური ხასიათის დეკლარაციებითა და აქციებით ფუთავენ", _ აცხადებს ლეონიდ თიბილოვი.